მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

„ქულების მოპოვება გვჭირდება, სხვა შემთხვევაში დავქვეითდებით“ - ალეგრი

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიანკონერის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ტურინული გუნდის გარშემო შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ახლა გადარჩენისთვის იბრძვის.

რას ამბობს ალეგრი:

ასეთი ცუდი პირველი ტაიმი აქამდე არასდროს გვქონია, ამან უნდა დაგვაფიქროს. მეორე ნახევარში უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ პირველ ტაიმზე ყველამ უნდა ვიფიქროთ, ასეთ თამაშზე პასუხისმგებელი ყველა ვართ. სამ მატჩში 10 გოლი გავუშვით და მხოლოდ 1 ქულა მოვიპოვეთ. გოლებს ზედმეტად მარტივად ვუშვებთ და ამაზე ბევრი სამუშაო გვაქვს.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილში შექმნილ მდგომარეობას, ჩვენ 38 ქულა დავაგროვეთ, მაგრამ ახლა 23 გვაქვს და ამას უნდა შევეგუოთ.

სეზონს უნდა დავუბრუნდეთ. ბოლო სამ თამაშში ამაზე ფსიქოლოგიურად მზად არ ვყოფილვართ. უნდა ვიმუშაოთ და ვინც არ გამომყვება, ყველა განაცხადს მიღმა დარჩება. ჩვენ გვჭირდება ქულების მოპოვება, რადგან ახლა ეს არის ჩვენი პოზიცია - ყოველი შემთხვევისთვის ვიტყვი, რომ ჯერჯერობით. ყველამ უნდა დავძლიოთ ეს გამოცდა და იტალიის თასზე გაბრაზებულები დავბრუნდეთ. ან თამაშებს მოვიგებთ, ან დავქვეითდებით.

თითოეული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისეთ მორევში აღმოვჩნდეთ, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელი იქნება. რაც ბოლო მატჩებში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური თაღლითობის გამო „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 15 ქულა ჩამოერთვა, ამჟამინდელი მდგომარეობით კი სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები