„მას ასეთი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია“ - სტეფანო ჩაირა ხვიჩაზე
FIFA-ს აგენტმა სტეფანო ჩაირამ იტალიურ მედიასთან „ნაპოლი“ - „რომას“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია ასეთ შეხვედრაში მატჩის ბედის გადაწყვეტა.
„ასეთ შეხვედრებში ინდივიდუალიზმი ფუნდამენტურია. ადვილი არაა, რომ ასეთ დონეზე მეტოქის დაცვას აჯობო, მხოლოდ დიდებული ფეხბურთელების მიერ შესრულებულ დარტყმებს შეუძლიათ ასეთი მატჩის ბედის გადაწყვეტა. „ნაპოლისთვის“ ასეთი მოთამაშე კვარაა, „რომასთვის“ კი - აბრაჰამი ან დიბალა.
ამ გუნდებს სერია ა-ში საუკეთესო დაცვა ჰყავთ. რა შეიძლება რომ ვთქვა? შესაძლოა, ეს ჩაკეტილი მატჩი იყოს ან გახსნილი თამაში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
„ნაპოლის“, „რომასთან“ შედარებით, რაღაც უფრო მეტი აქვს. შესაძლოა, გადამწყვეტი ის ფაქტორი აღმოჩნდეს, თამაშის დაწყებიდან რომელი გუნდის ნახევარდაცვა უკეთ ითამაშებს“.
19 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 50 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს“ 12 ქულით უსწრებს, თუმცა „როსონერის“ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. „ნაპოლისა“ და „რომას“ შეხვედრა 29 იანვარს, საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.