ჩამოკლებული 15 ქულა - იუვენტუსმა აპელაცია შეიტანა
ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ში თაღლითობის გამო 15 ქულა ჩამოაკლეს, რის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ კლუბი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.
ამის შესახებ „ბებერმა ქალბატონმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
„კლუბი ელოდება გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილის გამოქვეყნებას და სპორტული მართლმსაჯულების კოდექსის დებულებების შესაბამისად, აცხადებს, რომ საარბიტრაჟო საბჭოში შეგვაქვს აპელაცია სპორტში გარანტიების შესახებ“,
- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პროკურორმა ჯუზეპე ჩინემ ოფიციალურად მოითხოვა, რომ „ბებერი ქალბატონი“ დასაჯონ და მიმდინარე სეზონში ქულები ჩამოაკლონ. იგი 9 ქულის დაკლებას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ, „იუვეს“ 15 ქულა ჩამოაკლეს.
როგორც ირკვევა, ფედერალურ სასამართლოში „იუვეს“ საქმის პროცესი ხელახლა ჩატარდება და „ბიანკონერის“ ბრალად კაპიტალური შემოსავლების გაყალბება ედება. ჯუზეპე ჩინემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც გამოძიებამ ახალი დეტალები გამოააშკარავა. საქმე ეხება კლუბის ფინანსურ ქმედებებსა და კორონავირუსის პანდემიისას ფეხბურთელებთან დადებულ საიდუმლო შეთანხმებებს.