რონალდუ VS მესის ხილვა 2 მილიონზე მეტ ადამიანს სურს - რა არის ბილეთი წარმოსახვის მიღმა
19 იანვარს, „პარი სენ-ჟერმენი“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და „ალ-ნასრს“ დაუპირისპირდება. ამ მატჩის მიმართ უდიდესი ინტერესია, რადგან არაბული კლუბის თავკაცის, რუდი გარსიას თქმით, კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი სწორედ პსჟ-ს წინააღმდეგ შედგება და დიდი შანსია, მისი და ლიონელ მესის დაპირისპირება ვიხილოთ.
რონალდუსა და მესის ფაქტორებიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრის ბილეთებზე უდიდესი მოთხოვნაა. ESPN-ის ინფორმაციით, ბილეთების ყიდვის სურვილი 2 მილიონზე მეტმა ქომაგმა გამოთქვა, სტადიონი კი 69 000-მდე ადამიანს იტევს. Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთში აუქციონი მიმდინარეობს, რომელზეც სპეციალური, „წარმოსახვის მიღმა“ ბილეთი იყიდება. აუქციონი 17 იანვარს სრულდება და ამჟამინდელი მონაცემებით, ლიდერობს არაბი ბიზნესმენი, რომელიც მის სანაცვლოდ 2.66 მილიონ აშშ დოლარს იხდის.
რა არის ბილეთი წარმოსახვის მიღმა
მისი მფლობელი საუდის არაბეთის შეიხის გვერდით იქნება, როცა ის მატჩისშემდგომ ცერემონიაზე ფეხბურთელებს შეხვდება. ამასთან, მას უფლება ექნება დაესწროს, გალა სადილს, ეწვიოს გუნდების გასახდელს და მონაწილეობა მიიღოს სპეციალური თასის გადაცემის პროცესში.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ 18-19 იანვარს დოჰასა და ერ-რიადს ესტუმრება. პარიზელები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ და „ალ-ჰილალსა“ და „ალ-ნასრის“ შეხვდებიან. მესისა და რონალდუს ერთმანეთის წინააღმდეგ 2020 წლის შემდეგ არ უთამაშიათ. მაშინ „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, რონალდუ დუბლით გამოირჩა.