ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რეალს მინიშნებები დაუტოვა“ - ესპანური მედია კვარას ინტერვიუს ეხმაურება

გუშინ, იტალიურმა ტელეარხ Dazn-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილი ინტერვიუს სრული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.

ერთ-ერთ ეპიზოდში ხვიჩა მადრიდის „რეალის“ საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ „სამეფო კლუბი“ მისი ფავორიტი გუნდია, საყვარელი ფეხბურთელები კი გუტი და კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ.

ინტერვიუს ეს ნაწილი შეუმჩნეველი არ დარჩენია ესპანურ მედიას. გავლენიანმა გაზეთმა და სააგენტომ El Espanol-მა კვარაცხელიას ინტერვიუს შემდეგ დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მადრიდის „რეალს“ მცირე მინიშნებები დაუტოვა და ირიბად აღნიშნა, რომ მისი ოცნება „სამეფო კლუბში“ თამაშია.

რა წერია EL ESPANOL.COM-ზე:

ევროპაში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და სხვადასხვა კლუბების მხრიდან გარკვეული აქტივობებია მოსალოდნელი. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც სხვა კლუბები უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ ამჟამინდელ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებთ. ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელიაა.

2001 წლის 12 თებერვალს დაბადებული ქართველი მიმდინარე სეზონში სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე  აღიარებული ფეხბურთელია. „ნაპოლისთან“ ერთად, მან ევროპის ელიტაში მოახერხა შესვლა, თუმცა კლუბში მოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან მადრიდის „რეალს“ გარკვეული მინიშნებები დაუტოვა.

კვარაცხელიამ, ჯერ კიდევ ნოემბერში გაამხილა, რომ მისი ოცნება მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა: „ბავშვობიდან მადრიდის „რეალის“ ფანი ვარ. ჩემს ძმებთან ერთად ყოველთვის მათ თამაშს ვუყურებდი“, - ამბობდა მაშინ კვარაცხელია. DAZN-ისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში კი ქართველი ფეხბურთელი კვლავ იგივეს იმეორებს.

ის ორი ფეხბურთელის აღფრთოვანებით გაიზარდა. თავიდან, ჯერ გუტი შეუყვარდა, შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუ. DAZN-თან მან თავის კერპზე ისაუბრა: „ძალიან მომწონდა გუტის თამაში. როცა მისი ყურება დავიწყე, უკვე დიდი იყო და ფეხბურთიდან მალევე წავიდა. მის შემდეგ კი ჩემი ფავორიტი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი კერპი რონალდუა“, - აღიარებს „ნაპოლის“ ფეხბურთელი. ამ დროისთვის, მისი კარიერა „პარტენოპეისთან“ ერთად გრძელდება, მაგრამ როგორც ჩანს გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთ დღეს თავისი ოცნება აისრულოს - გახდეს მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი.

სიმართლე ის არის, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ ფეხბურთში დიდი გავლენა მოახდინა, უპირველესყოვლისა ნეაპოლში. დიეგო მარადონას ევროპულ „აკვანში“ ზოგი უკვე ბედავს და მას „კვარადონას“ ეძახის. უფრო მეტიც, მისი წყალობით, ნეაპოლში ქართველებს ახლა ისე ექცევიან, როგორც საკუთარ ძმებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 17 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კრასიჩის მახეში არ უნდა გაებას“ - Forbes კვარაცხელიაზე წერს
“კრასიჩის მახეში არ უნდა გაებას“ - Forbes კვარაცხელიაზე წერს