ნიუკასლში თვლიან, რომ ხვიჩა მათ საფეხბურთო პროექტს შესანიშნავად მოერგება
ბრიტანელი სატრანსფერო ექსპერტი, დინ ჯონსი Givemesport-ს ესაუბრა და „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა. ჯონსი „კვარას“ მიმართ „ნიუკასლის“ ინტერესს გამოეხმაურა და „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელთა დამოკიდებულება გაგვიზიარა.
„კლუბის შიგნით ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ კვარაცხელია შესანიშნავად მოერგება იმას, რის აშენებასაც კაჭკაჭები აპირებენ. დარწმუნებული ვარ, ისინი ხვიჩას ნიუკასლის მაისურით სიამოვნებით იხილავდნენ, მაგრამ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელზე გვაქვს საუბარი. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ მან გუნდი ამ ეტაპზე დატოვოს, რაც ნიუკასლისთვის პრობლემა იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას შესაძლო წასვლაზე კომენტარი „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანი ჯუნტოლიმაც გააკეთა. ამ უკანასკნელმა „კვარას“ ტრანსფერი კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა, რომ „პარტენოპეი“ მის გასხვისებას არ აპირებს.
ცნობისთვის, ხვიჩა ზურგის ტრავმის შემდეგ მოედანს დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდა და „ნაპოლის“ სამ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა 17 დეკემბერს, „ვილიარეალთან“ 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა, თუმცა მისი გუნდი მეტოქესთან 2:3 დამარცხდა. სეზონის განახლებამდე „ნაპოლი“ ოთხშაბათს ფრანგულ „ლილს“ შეხვდება, 4 იანვარს კი იტალიის სერია A-ში „ინტერს“ ესტუმრება.