რონალდუმ "რეალს" წასვლაზე მიანიშნა! "ასეთი რამ ინგლისში არასდროს მოხდებოდა..."
რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანო რონალდუს სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც დახურულ კარს მიღმა შედგა და როგორც შემდეგში გაირკვა, მოსამართლესა და ფეხბურთელს შორის სერიოზული შელაპარაკებაც მოხდა.
დღეს კი, Marca და Cadena SER-ი ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პორტუგალიელ ფეხბურთელს "რეალის" დატოვება სურს და ინგლისში დაბრუნებას აპირებს.
კრიშტიანო არ არის თანახმა, რომ 14 მილიონ 700 ათასი ევრო გადაიხადოს. იგი მიიჩნევს, რომ უდანაშაულოა.
"მე ყოველთვის ვიხდიდი გადასახადებს. ინგლისშიც და ესპანეთშიც. ყველგან! ინგლისში ასეთი რამ არასდროს მოხდებოდა და ამიტომაც მსურს, რომ იქ დავბრუნდე", - ამბობს რონალდუ.
"სასაცილოა, როდესაც ამ თემაზე საუბარს ვუსმენ. მე გადაშლილი წიგნივით ვარ. ჩემზე ყველაფერია ცნობილი. შებრძანდით google-ში, ან წაიკითხეთ Forbes-ი. მე არაფერი მაქვს დასამალი. საკუთარ წარმომადგენლებს ბოლომდე ვენდობი და მჯერა, რომ ისინი საქმეს ბოლომდე მიიყვანენ". - განაცხადა კრიშტიანომ.
შეგახსენებთ, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში "რეალის" 7 ნომერს ციხეში ჩასმა ემუქრება. არის მეორე ვარიანტიც, თუ ფეხბურთელი დანაშაულს აღიარებს და 14.7 მილიონ ევროს გადაიხდის, ამ შემთხვევაში შესაძლოა იგი დაინდონ და 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯონ, რომელიც ესპანური კანონმდებლობის მიხედვით თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს და რონალდუ თანხის გადახდის შემდეგ თავდებით გათავისუფლდება.