40 ქულა, 27 მოხსნა, 10 ასისტი - ჯოკერის ისტორიული მატჩი
„დენვერ ნაგეთსმა“ მიმდინარე რეგულარულში მე-18 გამარჯვება იზეიმა. დღეს დილით, კოლორადოელები აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „შარლოტ ჰორნეთსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს 119:115 სძლიეს. „დენვერს“ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც ფენომენალური მატჩი ჩაატარა.
„ჯოკერმა“ პარკეტზე 39 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 40 ქულა, 27 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრაა. სერბი ცენტრი პირველი კალათბურთელია უილტ ჩემბერლენის შემდეგ, რომელმაც მატჩი მინიმუმ 35 ქულით, 25 მოხსნითა და 10 ასისტით დაასრულა. უილტმა იგივე სტატისტიკა 1968 წელს დააფიქსირა. ჩემბერლენთან და „ჯოკერთან" ერთად, NBA-ის ისტორიაში მსგავსი მონაგარი მხოლოდ ერთ კალათბურთელს ჰქონია - ელჯინ ბეილორს.
იოკიჩის გარდა, კენტავიუს კალდუელ-პოუპი გამოირჩა - 20 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა. აარონ გორდონს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 19 ქულა, 10 მოხსნა, ბრიუს ბრაუნმა კი 16 ქულა ჩააგდო. „ჰორნეთსის“ რიგებში საუკეთესო ლამელო ბოლი იყო, რომელმაც 31 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. კელი უბრე ჯუნიორს 16 ქულა ჰქონდა, ხოლო გორდონ ჰეივარდმა 15 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა.
„დენვერს“ 18 მოგება და 11 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილს იკავებს. კოლორადოელები“ მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს, კონფერენციის ლიდერის, „მემფის გრიზლისის“ წინააღმდეგ გამართავენ.