მიტჩელმა ილიასთან მარცხი გრიპს დააბრალა - „თავს კარგად ვერ ვგრძნობდი“
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა და „ელ მატადორთან“ განცდილ მარცხზე ისაუბრა. 28 წლის არკანზასელმა განაცხადა, რომ ჩხუბამდე გრიპის გადატანა მოუწია, რამაც ბრძოლისას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
Thank y’all for the luv! pic.twitter.com/SCIJZSOK2I
— Bryce Mitchell (@ThugnastyMMA) December 12, 2022
„მინდა, გითხრათ, რომ თავს კარგად ვგრძნობ და სახლში ვიმყოფები. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის და აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ნამდვილი ბრაის მიტჩელი არ გინახავთ. ბრძოლის წინა კვირას გრიპი მქონდა და ოქტაგონზე თავს კარგად ვერ ვგრძნობდი.
შემეძლო, უკეთ გამოვსულიყავი და მეტი მეცადა, მაგრამ 100 პროცენტით მზად არ ვიყავი. ნეტავ, ამ ბრძოლაზე თანხმობა საერთოდ არ მეთქვა. არ ვიცოდი, რომ გრიპი ასეთ სერიოზულ პრობლემებს შემიქმნიდა და მეგონა, 3 რაუნდს გავძლებდი. იმიტომ ვვარჯიშობ, რომ ჩემმა კარდიომ ბოლომდე გაძლოს, თუმცა ამ მიზანთან ახლოსაც არ ვყოფილვარ. არაუშავს. კარგად ვიქნები და უფრო ძლიერი დავბრუნდები“.
საინტერესოა, რომ მიტჩელის ამ განცხადებაზე ილია თოფურიასაც ჰკითხეს. არიელ ჰელვანის გადაცემაში სტუმრობისას „ელ მატადორმა“ აღნიშნა, რომ ბრაისი უბრალოდ თავის გამამართლებელ მიზეზებს ეძებს.