კეში: „მბაპეს გამო ფეხები დამეწვა, კილიანი საოცრად სწრაფია“
პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელმა, მეტი კეშმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. „ასტონ ვილას“ მარჯვენა მცველმა საფრანგეთის ნაკრების ლიდერი შეაქო და განაცხადა, რომ იგი სხვებზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა იმყოფება.
„კილიანი საოცარი ფეხბურთელია და მასზე რთული მოწინააღმდეგე ალბათ არასდროს მყოლია. ადრე ვთქვი, რომ ყველაზე მეტად რაჰიმ სტერლინგის წინააღმდეგ გამიჭირდა და როცა სიტის ვეთამაშეთ, სტერლინგი შეუდარებელი იყო. რაჰიმი სწრაფია, მაგრამ მბაპეს ელვისებური სიჩქარე აქვს და მისნაირი სისწრაფის მქონე ფეხბურთელი არასდროს მინახავს.
მატჩამდე, მის ვიდეოებს ვუყურებდი, მაგრამ ამას საწოლში ყოფნისას ვაკეთებდი. რეალობა რადიკალურად განსხვავებულია და კილიანის გამო, ფეხები დამეწვა. განსხვავება სწორედ ესაა. მბაპე საერთოდ სხვა დონეზე იმყოფება. პრემიერ ლიგაში ვთამაშობ და უმაღლესი დონის გარემარბების მეურვეობა მიწევს, მაგრამ მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ მბაპე მსოფლიოში საუკეთესოა. სისწრაფე, მოძრაობა, დაგვირგვინება. მას ყველაფერი აქვს. ის ყველაზე სწრაფი რამაა, რაც ოდესმე მინახავს.
არ ვიცოდი, უკან დამეხია თუ კილიანი მჭიდროდ ამეყვანა. როცა მჭიდრო მეურვეობას ვირჩევდი, ის ჩემ უკან დარჩენილ სივრცეში შერბოდა. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და ვფიქრობ, პირისპირ დარჩენისას ცუდად არ მითამაშია. ვერ გამცდა, მაგრამ იყო მომენტი, როცა კონტრშეტევისას თავისუფალი სივრცე მიიღო და მეორე გოლი გაიტანა, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. ჩემი აზრით, მბაპე მსოფლიოს ტოპ 2 ან 3 ფეხბურთელს შორისაა“.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში საფრანგეთის მეტოქე ინგლისის ნაკრებია და კილიანს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან მის წინააღმდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სწრაფი მცველი, კაილ უოკერი ითამაშებს.