საფრანგეთს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა - ლუკა ერნანდესის ტრავმა სერიოზულია
მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, საფრანგეთის ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ავსტრალიასთან შეხვედრაში ტრავმა ლუკა ერნანდესმა მიიღო. დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და ერნანდესი კატარის მუნდიალზე „სამფეროვნებს“ ვეღარ დაეხმარება.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლუკამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ეს მძიმე ტრავმაა და მისგან სრულად გამოჯანმრთელებას მინიმუმ ნახევარი წელი სჭირდება.
საინტერესოა, რომ „მამლებს“ ერნანდესის შემცვლელის დამატება არ შეუძლიათ. მუნდიალის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა ორშაბათი იყო და მისი ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერი სახის ცვლილების გატარება ფიფას წესებს ეწინააღმდეგება. ასე რომ, საფრანგეთს ერთი ნომინალური მარცხენა მცველი დარჩა - ტეო ერნანდესი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალია 4:1 დაამარცხა. „სამფეროვანთა“ მხრიდან თავი ოლივიე ჟირუმ, კილიან მბაპემ და ადრიენ რაბიომ გამოიჩინეს. დიდიე დეშამის გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს გამართავს და დანიას დაუპირისპირდება.