მანუელ ნოიერი, კატარი 2022
Aa
Aa

გერმანია FIFA-ს უჩივლებს - დაპირისპირება One Love-ის გამო გრძელდება

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია FIFA-ს საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს გეგმავს. მიზეზი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ მუნდიალზე One Love-ის სამკლავურის გამოყენების აკრძალვაა. გერმანული მხარე განაცხადს „დროებითი სამართლებრივი დაცვის“ სტატუსით შეიტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ CAS-მა (FIFA-ს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო) პირველადი გადაწყვეტილება 48 საათში უნდა გამოაცხადოს. ინფორმაციას გერმანული გამოცემები ავრცელებენ.

გერმანულ მხარეს სურს, რომ კაპიტანმა მანუელ ნოიერმა აღნიშნული სამკლავური მეორე ტურში ესპანეთთან შეხვედრაში გაიკეთოს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, როგორი იქნება FIFA-ს საარბიტრაჟო სასამართლოს პასუხი. გერმანიის ფეხბურთის მმართველ ორგანოს ასევე სურს, რომ დარწმუნებული იყოს იმაში, რომ სარჩელის შეტანის შემთხვევაში ნოიერი არ დაისჯება და არც გერმანიის ნაკრებს დააკლებენ ქულებს.

შეგახსენებთ, ამ თემაზე გერმანიის ეროვნული ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოგმა ისაუბრა:

„მანუელ ნოიერი ძალიან იმედგაცრუებულია, რომ One Love-ის სამკლავურს ვერ გაიკეთებს. ეს ფეხბურთს აღარ ეხება, FIFA-ს გადაწყვეტილება დიდ ბრაზსა და გაღიზიანებას იწვევს, FIFA-ს მხრიდან დიდი ცენზურა იგრძნობა. შესაძლოა, სამკლავურის ტარება აგვიკრძალონ, მაგრამ ჩვენ კვლავ ჩვენი ფასეულობების ერთგულნი ვართ.

არ გვინდა, რომ მანუელ ნოიერი მარტო დავტოვოთ. ეს მისთვის რთული სიტუაციაა, მას სამკლავურის გაკეთება სურდა. მანუელი იმედგაცრუებულია“.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა სამკლავურთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: „გვსურდა სხვა ქვეყნებთან ერთად მაგალითი მიგვეცა, მაგრამ FIFA-მ ამის უფლება არ მოგვცა, სამკლავურის გამოყენება აკრძალა. ჩვენი გუნდი შოკირებულია, რომ ამის უფლება არ გვაქვს“.

ინგლისი-ირანის მატჩში ჰარი კეინი One Love სამკლავურის გაკეთებას მაინც აპირებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა. იწერებოდა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ნაკრების კაპიტნები მატჩის დაწყებისთანავე ყვითელ ბარათს მიიღებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Adidas One Love სამკლავურზე უარის თქმას გაგებით მოეკიდა
Adidas One Love სამკლავურზე უარის თქმას გაგებით მოეკიდა