ნუგზარ სხირელი
Aa
Aa

გორში ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა

გორში, თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის მემორიალური დაფა გაიხსნა.

საქართველოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელის საცხოვრებელი სახლის ფასადზე  მემორიალური დაფა მისმა შვილმა და შვილიშვილმა გახსნეს.

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელს დღეს, 13 ნოემბერს, დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდებოდა.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები და სპორტსმენები.

სტუმრებმა, პატივი მიაგეს გარდაცვლილის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

თავისუფალი ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი ნუგზარ სხირელი 2021 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი. მისი აღზრდილები არიან წარმატებული სპორტსმენები დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი, ბესარიონ გოჩაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და სხვები.

გორში, მეორე დღეა, ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრში, ქვეყნის მასშტაბით 2003-2005 წლებში დაბადებული სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. ფინალები ხვალ, 14 ნოემბერს გაიმართება. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ თასები, მედლები და სიგელები. ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი პირველად გასულ წელს ჩატარდა. ღონისძიებამ  ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ოქრო ესპანეთიდან - გამყრელიძე მსოფლიოს ჩემპიონია
მეორე ოქრო ესპანეთიდან - გამყრელიძე მსოფლიოს ჩემპიონია