ილია, მაქსი, თუ კონორი - ვინ იქნება გეიჯის მომდევნო მეტოქე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ თავის მომდევნო ოპონენტზე ისაუბრა. UFC Paramount+-თან ინტერვიუში „ჰაილაითი“ ამბობს, რომ თუ მაქს ჰოლოუეი ხვალ კონორ მაკგრეგორის დამარცხებას შეძლებს, მაშინ სატიტულო ბრძოლის მოთხოვნის უფლება ექნება. გეიჯი არც მაკგრეგორთან ჩხუბს გამორიცხავს, მაგრამ თოფურიასთან რემატჩს საერთოდ არ ახსენებს. ამერიკელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის ჩხუბზეც დააფიქსირა თავისი პროგნოზი.
რას ამბობს გეიჯი:
„ვინ უნდა იყოს ჩემი მომდევნო მეტოქე? ვფიქრობ, თუ მაქსი მოიგებს, ყველაზე მეტი შანსი ექნება. მე ილია თოფურია დავამარცხე, ილიამ კი მაქსს მოუგო. მაგრამ რადგან ჰოლოუეიმ დამამარცხა და თან ნოკაუტში ჩამაგდო, შაბათ-კვირის შემდეგ ალბათ მას ექნება საუკეთესო შანსი და არგუმენტი ტიტულზე პრეტენზიისთვის. რაც შეეხება კონორ მაკგრეგორს, ქაღალდზე ვერ ვხედავ, რომ მის მიერ ჩემპიონობისთვის ბრძოლას რაიმე აზრი ჰქონდეს. თუმცა, ის კონორ მაკგრეგორია, UFC კი – UFC, ასე რომ, გიჟური რაღაცები ყოველთვის შეიძლება მოხდეს.
დიდი ბრძოლაა – ჰოლოუეი მაკგრეგორის წინააღმდეგ. სიუჟეტი ძალიან, ძალიან საინტერესოა. შეიძლება არ არის ყველაზე ამაღელვებელი ბრძოლა, რისი ორგანიზებაც UFC-ის ახლა შეუძლია, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია. არ ვიცი, UFC საუკეთესო სპორტია მსოფლიოში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ მოიგებს ამ შაბათ-კვირას. მსოფლიო ჩემპიონატზე მეგონა, რომ აშშ მოიგებდა, მაგრამ უბრალოდ იდიოტი აღმოვჩნდი. ეს სხვა სპორტია. ჩვენს სპორტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა. MMA-ის სამყაროში ვარაუდობენ, რომ ქართველ მებრძოლს მომდევნო ჩხუბი კვლავ „ჰაილაითის“ წინააღმდეგ ექნება, თუმცა დიდი ალბათობით, ილია მიღებული დაზიანებების გამო ოქტაგონში დაბრუნება მინიმუმ 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს.