კონორი დაბრუნდა! - მაკგრეგორისა და ჰოლოუეის პირველი Face Off და პრესკონფერენცია
ლას ვეგასში, UFC 329-ის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარი ყურადღება ბუნებრივია, კონორ მაკგრეგორზე იყო გამახვილებული. ლეგენდარული ირლანდიელი ოქტაგონს 5-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება და ასევე ლეგენდარულ მებრძოლს, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.
გასულ ღამეს როგორც მაკგრეგორმა, ისე ჰოლოუეიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და პარალელურად, ერთმანეთს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ:
კონორ მაკგრეგორი - აქ სწორედ ამისთვის დავბრუნდი – ბრძოლისა და ფანების სიყვარულის გამო. შესანიშნავია ვეგასში დაბრუნება ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, თუმცა დედის საშვილოსნოდან გამოსვლის დღიდან ვჩხუბობ და ვიჩხუბებ მანამ, სანამ ამ ქვეყნიდან არ წავალ. ასე რომ, ეს მაკგრეგორისთვის კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღეა.
მაქსი? ის ახლა ორტეგას ან რომელიმე ქვემსუბუქი წონის მებრძოლს კი არ უპირისპირდება, ის სულ სხვა ჯიშის ცხოველს შეხვდება. ასე რომ, წარმატებებს გისურვებ, მაქს.
მაქს ჰოლოუეი - ამას შაბათს საღამოს გავიგებთ. შაბათს საღამოს ყველაფერს ვნახავთ. მოუთმენლად ველოდები. ვხედავ, ორი ქამარი უდევს წინ. მგონი, შაბათს საღამოს ქამრებისთვის იბრძვის. ასე რომ, მოუთმენლად ველი, როდის წავართმევ ხელებიდან ამ ლამაზ ქამრებს.
კონორ მაკგრეგორი - წინა ჯერზე ხელთათმანიც ვერ გამკარი და ვერც ამჯერად გამკრავ. ეს სულ სხვა ცხოველია, რომელიც ახლა ბრუნდება. ბევრი მაქვს დასამტკიცებელი. და ამას საკუთარ თავს კი არ ვუმტკიცებ... ასე რომ, სერიოზული პრობლემების წინაშე ხარ.

მაქს ჰოლოუეი - წინა ჯერზე სახეზე საკმაოდ ბევრჯერ შეგეხე. თუ ნოკდაუნებზე ვსაუბრობთ, ეგ შენი უკანალი ჰაი-ქიქით დავაგდე მიწაზე.
კონორ მაკგრეგორი - ყველაფერი რაც მესმის, რასაც ვხედავ და ვგრძნობ – ღმერთისგანაა. მე დალოცვილი ვარ. დღეს აქ ყველანი დალოცვილები ვართ. თითოეულ თქვენგანს და ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, დიდ პატივს ვცემ. ვაფასებ UFC-ის, ვაფასებ დენას, ვაფასებ ჩემს მეტოქეებს. და აქ, სცენაზე, ყველა ჩემი მეტოქეა, არ შეგეშალოთ. მოდით რეალისტები ვიყოთ – ყველა მათგანი ჩემთან ჩხუბს ცდილობს.
აქ ეპიკური და სანახაობრივი გამარჯვებისთვის მოვედი, ეს ფაქტია. ყველაფრის წასაღებად მოვდივარ. სასწორზე ყველაფერი დევს. ახლა რაკეტასავით მოვფრინავ.
მაქსს გავანადგურებ, გავაქრობ. ის ჩემი ბოლო მეტოქეა, რომელიც ჯერ კიდევ UFC-ის რიგებშია დარჩენილი. ჩემი ყველა სხვა ოპონენტი წასულია. მხოლოდ მაქსია დარჩენილი და შაბათს საღამოს ის სამუდამოდ განადგურდება.
ვფიქრობ, მისი კრივი საშინელებაა. საერთოდ არ ვაფასებ. მას მხოლოდ ერთი სიჩქარე აქვს და ეს არანაირ შთაბეჭდილებას არ ახდენს. ძალიან იშვიათად გვინახავს მაქს ჰოლოუეისგან მაგია ოქტაგონზე. პატარა, ბოროტი ჰოლოუეი... შაბათს საღამოს ის განადგურდება.
ჩემს პრაიმში ვარ ახლაც და სამუდამოდ. აბა, სცადე შაბათს საღამოს, თავად ნახავ.
მაქს ჰოლოუეი - მე მჯერა მისი. ის ყველაფერს სწორად აკეთებს. იპოვა ღმერთი, მისი მშვენიერი ოჯახი აგერაა. ჩვენ ვემზადებით სახიფათო კონორ მაკგრეგორთან შესახვედრად. მოუთმენლად ველი, ბიჭებო. შაბათს საღამოს არანაირი გამართლება არ იქნება... იმედია ცურვა იცის, რადგან მის უკანალს წყალში ჩავახრჩობ.
კონორ მაკგრეგორი - შანსი არ გაქვს. არანაირი შანსი არ გაქვს.
მაქს ჰოლოუეი - გააგრძელე ამის საკუთარი თავისთვის თქმა, ძმაო. შანსი არ არისო... შაბათს საღამოს ყველაფერს გავიგებთ, ესაა მშვენიერი ამბავი...

ამის შემდეგ, მებრძოლებს ერთმანეთს პირველი პირისპირ დგომი ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ კონორი გულშემატკივრებს ჩვეულ სტილში მოევლინა.
შეგახსნებთ, რომ კონორ მაკგრეგორისა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლა 12 ივლისს, საქართველოს დროით 06:00 საათიდან გაიმართება.