ტიბო კურტუა
Aa
Aa

ასეთია ფეხბურთი, მისი განადგურება არ შეიძლება | კურტუამ თანაგუნდელი მეკარე დაიცვა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბელგია დრამატულ მატჩში 2:1 დაამარცხა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პირველად გავიდა 2010 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო თასი მოიპოვა. „ფურია როხა’’ 30-ე წუთზე ფაბიან რუიზმა დააწინაურა. 41-ე წუთზე კასტანეს ჩაწოდებით დე კეტელარემ თავური დარტყმით გაათანაბრა. 88-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა მიკელ მერინომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი წინ გაიყვანა, საბოლოოდ ეს გოლი გამარჯვების აღმოჩნდა.

34 წლის ტიბო კურტუა ესპანეთი-ბელგიის მატჩის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, ბელგიელმა მეკარემ დისკომფორტი მეორე ტაიმში იგრძნო, წყლის შესვენებისას სამედიცინო დახმარება ითხოვა. პაუზის დროს შეკრებილი ფეხბურთელების ყურადღება მთლიანად მეკარისკენ იყო მიმართული, რომელიც რამდენიმე მოკლე გარბენს აკეთებდა მდგომარეობის შესამოწმებლად.

„შორ მანძილზე ბურთის დარტყმისას ტკივილი ვიგრძენი. 30 ასეთი დარტყმის შემდეგ უკვე გადაღლილი ვიყავი. ზოგიერთი მოგერიების დროსაც ვგრძნობდი ამას და დავინახე, რომ ტკივილი ძლიერდებოდა. ამიტომ დავჯექი, რათა ექიმს გავესინჯე. მინდოდა გამეგრძელებინა, მაგრამ დარტყმას ვერ ვახერხებდი. კიდევ ხუთი წუთი დავრჩებოდი მოედანზე, მაგრამ მწვრთნელმა მითხრა, რომ შემცვლიდა, თუ 100%-ით მზად არ ვიყავი. არაუშავს, გადაწყვეტილებას ის იღებს“, - თქვა კურტუამ DAZN-თან საუბრისას.

71-ე წუთზე კურტუა სენე ლამენსმა შეცვალა, რომლისთვისაც ეს საუკეთესო მატჩი არ ყოფილა. კუბარსის პირველივე დარტყმისას ბურთი ვერ დაიჭირა, დამატებაზე მერინომ გოლი გაიტანა. კურტუამ შეცდომის გამო თანაგუნდელი დაიცვა: „მოედანი ძალიან მშრალია და უბრალოდ არ გაუმართლა. ბიჭის განადგურება არ შეიძლება. ფეხბურთი ასეთია და მან „მან. იუნაიტედში“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ის ამას არ იმსახურებს“.

ტრავმის შემდეგ კურტუა ახლა სამედიცინო გამოკვლევების მოლოდინშია, რათა მადრიდში, ჟოზე მოურინიოსთან ერთად ახალი ეტაპი დაიწყოს: „ვნახოთ, რას გვიჩვენებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, იმედია სერიოზული არაფერია“.

შერეულ ზონაში მადრიდელთა მეკარემ ნაკრებში თავისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა: „ვისურვებდი ერთა ლიგაზე დავისვენო ნაკრებში ჩემი მომავლის გათვალისწინებით. ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დავბრუნდე, მაგრამ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება ფედერაციამ უნდა მიიღოს. გააგრძელებენ ამ გეგმას თუ არა... შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები