„ისე თამაშობს, ოქროს ბურთს იმსახურებს“ - ვიდიგალი კვარაცხელიაზე
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოზე ვიდიგალმა ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ რადიოსთან (Kiss Kiss Napoli) ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„ხვიჩა კარგად მახსენებს გასულ სეზონში მოთამაშე ლეაოს. გოლებს იტანს, თანაგუნდელების მისამართით საგოლე გადაცემებს ასრულებს და ყოველთვის თამაშის მთავარი გმირია. გულშემატკივრებისა და სხვა კლუბებისგან განსხვავებით „ნაპოლიში“ მისი თავიდანვე სჯეროდათ. „ნაპოლიმ“ გარისკა, შეიძინა და მისმა ტრანსფერმა გაამართლა“.
კითხვაზე „ლივერპულთან“ შეხვედრაში ოსიმენსა და კვარაცხელიას შორის უფრო სახიფათო მოთამაშე რომელია, ვიდიგალის პასუხი შემდეგია: „უფრო მეტად კვარაცხელია, ახლა ისე თამაშობს, რომ ოქროს ბურთს იმსახურებს. ზოგადად, აღნიშნულ პრიზს იმ ფეხბურთელებს აძლევენ, რომლებიც რაღაც მნიშვნელოვანს მოიგებენ. თუ კვარაცხელია სკუდეტოს მოიგებს, ოქროს ბურთისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია“.
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და სერია ა-ს ჩათვლით ხვიჩა კვარაცხელიამ 16 მატჩში ითამაშა. მის ანგარიშზე 8 გოლია (2 - ჩემპიონთა ლიგაზე, 6 - სერია ა-ში). გარდა ამისა, სერია ა-ში 5 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე კი - 3.