ნაპოლი, სერია ა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სიყვარულით საქართველოდან: ხვიჩა კვარაცხელია! - Football-italia-ს სტატია კვარაზე

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის წარმატებულ თამაშს ცნობილი იტალიური სააგენტო, Football-italia ეხმაურება და 21 წლის შემტევის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

რას წერს FOOTBALL-ITALIA კვარაზე:

სეზონის დაწყების შემდეგ „ნაპოლი“ დაფრინავს და ვერც ერთი მოთამაშე ვერ მოქმედებს მათ ენერგიაზე ისე, როგორც ხვიჩა კვარაცხელია.

„პარტენოპეიმ“ 21 წლის ფეხბურთელის დამატებას გარკვეული დროის განმავლობაში ცდილობდა და ბოლოს, ზაფხულში გამოკრა ჩახმახს ხელი, ბათუმის „დინამოდან“ მისი ტრანსფერი სულ რაღაც 10 მილიონი ევრო დაჯდა. კვარაცხელიას კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და სეზონში 1 მილიონზე ოდნავ მეტს შოულობს.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ნახევარკუნძულზე იფეთქა. სერია A-ს 7 მატჩში მას 7 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. სტატისტიკაც ხაზს უსვამს მის ჯადოქრობას - საშუალოდ 3.8 დარტყმა, 5.4 შექმნილი დასარტყმელი მოქმედება, 5.4 დრიბლინგის მცდელობა.

ეს ციფრები ხაზს უსვამს მის სახიფათოობას ბურთის ფლობის დროს და სწორედ ამის ხარჯზე ლუჩიანო სპალეტის გუნდი შეტევაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ მთელი სპექტრის გათვალისწინებით, გულშემატკივრებმა უკვე აღიარეს მისი შესაძლებლობები და მარცხენა ფლანგზე მეტოქეებისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ.

ის, რასაც ციფრები ვერ აჩვენებს, მისი ჯადოსნური ბურთის ფლობაა, აგრეთვე, ბურთის გარეშე მისი ინტელექტუალური მოძრაობები, გემრიელი დარტყმები და ერთი-ერთზე თამაშის მომაკვდინებელი უნარი... ეს ყველაფერი მას სერია A-ში ერთ-ერთ საუკეთესოდ აქცევს. კვარაცხელია მოედანზე ელეგანტურია, რაც 21 წლის ასაკში იშვიათია. მას ეტყობა, რომ იტალიურ ფეხბურთში მომდევნო მთავარი მოვლენა იქნება.

როდესაც, გასული სეზონის ბოლოს „ნაპოლიმ“ გუნდის მთავარი თილისმა, ლორენცო ინსინიე დაკარგა, ბევრ გულშემატკივარს აწუხებდა ის საკითხი, თუ ვინ ჩაანაცვლებდა მას შეტევის მარცხენა ფლანგზე. მაგრამ როგორც ჩანს ქართველმა ფეხბურთელმა ეს შეძლო და უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია თამაში საკუთარ ხელში აიღოს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში, „ლივერპულთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში კვარაცხელია ბრწყინავდა, იმის მიუხედავად, რომ მან 1 საათზე ნაკლები ითამაშა. ხვიჩამ შეასრულა 4 დრიბლინგი და კარისკენ სამჯერ დაარტყა.

ამ მომხიბვლელ თამაშს მოჰყვა ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრა „რეინჯერსთან“. შოტლანდიელების წინააღმდეგ, ქართველმა გარემარბმა შვიდი დარტყმა შეასრულა, ჰქონდა 8 საკვანძო მომენტი და შეასრულა 4 დრიბლინგი, რაც „ნაპოლის“ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, იმის მიუხედავად, რომ მას არც გოლი და არც საგოლე გადაცემა ჰქონია.

კვარაცხელიას მსგავსი ეკლექტური ფეხბურთელისთვის შეუძლებელია მის შესაძლებლობებზე საუბარი მხოლოდ სიტყვებით. როგორც ხინკლის გემოსა და სიამოვნებას ვერ შეიგრძნობ მხოლოდ ვებ-გვერდიდან, ან კულინარიული წიგნიდან ამოღებული ინფორმაციით, ისევე 21 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებს და უნარებს ვერ გააცოცხლებ ქაღალდზე. მის თამაშს უნდა უყუროთ, ისიამოვნოთ და შეაფასოთ იმისთვის, რომ მისი შესაძლებლობები გაიგოთ.

როდესაც „ნაპოლიმ“ სკუდეტო უკანასკნელად მოიგო, მაშინ გულშემატკივარმა დიეგო მარადონა გააღმერთა. თუ კვარაცხელია მსგავს მიღწევას გაიმეორებს, მან შესაძლოა ასეთივე დიდება მოიპოვოს... ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ სან სიროზე „მილანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 გაიმარჯვა. საგულისხმოა, რომ როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ხვიჩამ „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად მატეო პოლიტანომ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

კვარას მომენტები მილანთან:

„მილანთან“ გამარჯვება „ნაპოლისთვის“ სერია A-ში მე-5 იყო. 7 ტურის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის გუნდმა 17 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერობს.

კვარას და „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ, საქართველოს დროით 17:00 საათზე ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„21 წლის ასაკში უკვე ლიდერია“ - Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე წერს
„21 წლის ასაკში უკვე ლიდერია“ - Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე წერს