ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„Abra Kvdavara“ - ხვიჩა ESPN-ის ყურადღების ცენტრში მოექცა

ცნობილმა ამერიკულმა სატელევიზიო არხმა, ESPN-მა თავის ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა, რომელიც „ნაპოლის“ მიუძღვნა. ავტორი, კირსტენ შლევიცი „პარტენოპეიში“ განხორციელებულ ცვლილებებზე გვესაუბრება, რომელთა წყალობითაც, ლუჩანო სპალეტის გუნდს სერია A-ს მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევის უკეთესი შანსი აქვს. შლევიცის სტატიაში აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზეცაა გაკეთებული და ავტორი მასზე ვრცლად საუბრობს.

Abra Kvdavara

„როცა ნაპოლისა და კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო თანამშრომლობის შესახებ დაიწერა, პარტენოპეის ქომაგთა უმრავლესობა ამ ტრანსფერის წინააღმდეგი იყო. ამის მიზეზი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს დიდი ტვირთი ახლდა, ნაპოლიმ სერია A-ს პირველი ორი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა, 2 გაუშვა და ინტერზე, მილანზე და იუვენტუსზე უკეთ გამოიყურებოდა. გარდა ამისა, სპალეტის გუნდი სწრაფ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, რომელიც მაყურებელს აღაფრთოვანებდა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა სეზონის დაწყებამდე თქვა, მისი გუნდი ახალგაზრდა და სანახაობრივი იყო. სანახაობის დიდი ნაწილი შეგვიძლია, ხვიჩა კვარაცხელიას მივაწეროთ, რომელსაც მეტსახელად „კვარასა“ და „კვარადონას“ უწოდებენ. იგი იმდენად მაგიურია, რომ უკვე მონათლეს, როგორც პასუხი ნაპოლის 30-წლიან უსკუდეტო სერიაზე და შეარქვეს მეტსახელი, რომელიც დიეგო მარადონას გვახსენებს. ადამიანს, რომელმაც ნაპოლის ორი სკუდეტო მოუტანა.

კვარაცხელიას სადებიუტო გოლის გასატანად 37 წუთი დასჭირდა და ვერონას წინააღმდეგ თავური დარტყმით გამოირჩა. ხვიჩას გოლის აღნიშვნამ ნაპოლის ქომაგების გულები დაიპყრო. მან ლოყა ხელებზე დაიდო, რითიც ვერონას მძინარე დაცვას დასცინა. ამის შემდეგ, 55-ზე წუთზე, დიაგონალური გადაცემით პიოტრ ზელინსკი იდეალურ პოზიციაში დატოვა და ამ უკანასკნელმა აძური წინ გაიყვანა. 13 წუთში კვარაცხელიამ მოედანი დატოვა, მაგრამ უკვე მატჩის გმირის სტატუსი ჰქონდა.

საინტერესოა, რომ დიეგომ და კვარამ თავიანთი ნეაპოლური კარიერა სტადიონ ბენტეგოდიზე დაიწყეს, თუმცა მარადონას ბევრად ცუდი სტარტი გამოუვიდა. ლეგენდარულმა არგენტინელმა სერია A-ს სადებიუტო შეხვედრაში ბევრი ვერაფერი გააკეთა და მისი გუნდი 1:3 დამარცხდა. კვარაცხელიამ ვერონასთან ცეცხლი დაანთო და იმდენი მოახერხა, რომ ის მომდევნო 7 მატჩის განმავლობაშიც არ ჩააქრო. ხვიჩამ მოედანზე საერთო ჯამში 425 წუთი გაატარა და 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ქალაქში, რომელიც შავი იუმორითა და ცხოვრებისადმი არც თუ ისე სერიოზული დამოკიდებულებითაა ცნობილი, მისმა აღნიშვნებმა გულშემატკივრები მოხიბლა. ნაპოლი არის ადგილი, სადაც კლუბისადმი ერთგულებას ითხოვენ. მონცასთან გაფორმებული დუბლის შემდეგ, ხვიჩამ საკუთარ მაისურზე გამოსახულ კლუბის ემბლემას აკოცა და ამ ჟესტით იგი იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის მოხვდა, რომლებიც მარადონაზე ოდნავ დაბლა იმყოფებიან, მაგრამ ნეაპოლელთათვის ნახევარღმერთის სტატუსი აქვთ“, - წერს ESPN.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლის“ მომდევნო გაჩერება მილანია. 18 სექტემბერს, „პარტენოპეი“ „როსონერის“ სტუმრად დაუპირისპირდება. „შავ-წითლებს“ 14 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილს იკავებენ, „პარტენოპეი“ კი პირველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი მეკარე: „ხვიჩა კაკაზე ძლიერი ფეხბურთელია“
ნაპოლის ყოფილი მეკარე: „ხვიჩა კაკაზე ძლიერი ფეხბურთელია“