ევრობასკეტი, ბულგარეთის კალათბურთელთა ნაკრები, ბელგიის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში - ბელგიამ შანსი შეგვინარჩუნა

Eurobasket 2022-ზე, A ჯგუფის დასკვნითი ტურის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრების ერთადერთი იმედი, ბელგიის ნაკრები ბულგარეთს შეხვდა და ჩვენდა საბედნიეროდ, 9 ქულის სხვაობით - 89:80 გაიმარჯვა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდს მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად გამარჯვება სჭირდებოდა, რამაც მატჩი უფრო საინტერესო გახადა.

თამაში ბელგიელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი ნახევარი მათივე გამარჯვებით 41:30 დასრულდა. მეორე ტაიმიდან როსენ ბარხოვსკის გუნდი აშკარად გამოფხიზლდა და რამდენიმე შედეგიანი შეტევაც გააკეთა, რასაც ვერ ვიტყვით ბელგიელებზე. ბულგარეთმა საბოლოოდ მესამე მეოთხედი 5-ქულიანი უპირატესობით მოიგო და სხვაობა 6-ქულამდე შეამცირეს - 66:60.

დასკვნითი მეოთხედი კი როგორც ბელგიელი, ისე ქართველი გულშემატკივრებისთვის ნერვების თამაში გამოდგა. მართალია, დარიო გიერჟას გუნდი მთელი მეოთხედის განმავლობაში ლიდერობას ინარჩუნებდა, თუმცა ბულგარელებმა რამდენჯერმე შეძლეს ჩვენი ანერვიულება. საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენდა სასარგებლოდ დასრულდა და ბელგიის ნაკრებმა საქართველოს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეუნარჩუნა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რეტინ ობასოანი გახდა, რომელმაც ბულგარელებს 25 ქულა ჩაუგდო, 7-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ბულგარელებიდან კი ალექსანდრ ვეზენკოვი გამოირჩა, რომელმაც 26 ქულა, 13 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამ გამარჯვებით გიერჟას გუნდმა A ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა და მომდევნო ეტაპზე გასვლა გაინაღდა.

დღის ბოლო სათამაშო მატჩი ზუსტად 21:00 საათზე გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები მონტენეგროს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებით, ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

გიორგი ჯიქიას ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები