საქართველო VS ჩეხეთი: ფინალის ტოლფასი მატჩი
დღეს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. გიორგი ყიფიანის გუნდის მეტოქე ჩეხეთი იქნება.
ჯგუფში ვითარება უკიდურესადაა დაძაბული. ჩვენც და ჩეხებსაც 3-3 ქულა გვაქვს და მეორე ადგილისთვის ვიბრძვით. ფრე მეტოქეს აძლევს ხელს, რადგან გატანილი და გაშვებული ბურთები მათ 3-3-ზე აქვთ, ჩვენ კი 2-2-ზე. თანაბარი ქულებისა და ბურთების ბალანსის შემთხვევაში, უპირატესობა გატანილ გოლებს ენიჭება. ასე, რომ ჩვენებს მხოლოდ მოგება ესაჭიროებათ.
შეხვედრის მთავარი არბიტრი დანიელი მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი იქნება. იმედია, რომ დღეს ისეთი მსაჯობა არ იქნება, როგორიც პორტუგალიის წინააღმდეგ იყო და გამარჯვებაც ღირსეულს დარჩება.
დღევანდელ შეხვედრას, გუნდი დანაკლისის გარეშე და საბრძოლო განწყობით ხვდება. მატჩი "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" განახორციელებს.