თავისუფალი ჭიდაობა
Aa
Aa

ახალგაზრდული ევროპირველობა - დავით აბდალაძე ევროპის ჩემპიონია!

იტალიის დედაქალაქ რომში 20-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციას 5 მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, მათ შორის 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს.

საჭიდაო ხალიჩაზე პირველი 61 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით აბდალაძე წარსდგა. ახალგაზრდა მოჭიდავის მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხამზატ არსამერზოევი იყო. მოჭიდავეებს შორის ფინალური დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ქართველი ფალავნის გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

86 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა დავით კოღუაშვილსაც. აბდალაძის მსგავსად, კოღუაშვილის მეტოქეც წარმოშობით დაღესტნელი და ამჟამად საფრანგეთის სახელით მოასპარეზე რახიმ მაგამადოვი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ქართველმა მოჭიდავემ შეხვედრა 9:3 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვერცხლის მედალი მოიპოვა 92 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ანდრო მარგიშვილმაც. ახალგაზრდა ფალავანი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველ იონ დემიანთან დიდი სხვაობით - 11:1 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა მძიმეწონოსანი მერაბ სულეიმანიშვილიც. 20 წლის მოჭიდავე ფინალურ შეხვედრაში სომეხ ლიოვა გევორგიანს შეხვდა და ასევე დიდი სხვაობით, 13:2 დამარცხდა.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლას, აქ 72 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ჩიტუნიძემ იჭიდავა, თუმცა სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში უკრაინელ ვადიმ ცურაკნთან 10:2 დავმარცხდით.

შესაბამისად, ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს უმცროსმა მოჭიდავეებმა 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, საერთო ჯამში კი ქართველმა ფალავნებმა ევროპირველობა 8 მედლით დაასრულეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილიც დაიკავეს - 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე
2 ოქროს მედალი და გუნდური პირველი ადგილი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე