26-დან 4 სამქულიანი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
Aa
Aa

26-დან 4 სამქულიანი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები რიგაში უკრაინას დაუპირისპირდა და 66:79 დამარცხდა. ილიას ზუროსის გუნდმა ცუდი მატჩი ჩაატარა და სასურველ შედეგთან ახლოსაც არ ყოფილა.

პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. საქართველოს ნაკრები მცირე უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეოთხედის ბოლო უკეთ უკრაინელებმა ჩაატარეს და 23:20 იმარჯვეს. მეორე ათწუთეულში ვითარება შეიცვალა და ინიციატივა უკრაინელთა ხელში იყო. აინარს ბაგაცკისის გუნდმა მეტოქეზე ათით მეტი ქულა ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა.

მესამე მეოთხედი ცუდად დავიწყეთ და ქულების აღება ძალიან გვიჭირდა. სამწუხაროდ ვერაფერი შევცვალეთ, მეოთხე მეოთხედს 16-ქულიანი ჩამორჩენით შევხვდით და თამაშში გარდატეხა ვერ შევიტანათ. ჩვენი მაქსიმუმი ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება აღმოჩნდა და მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მარცხი ვიწვნიეთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა პერიმეტრიდან განხორციელებული სროლები იყო. ილიას ზუროსის გუნდმა 26 სამქულიანი გაუშვა და მხოლოდ 4 ჩააგდო. ოთხივე სამიანი თად მაკფადენის ანგარიშზეა და მის გარდა, პერიმეტრიდან სროლა არავის გამოუყენებია. მაკფადენმა მატჩი 22 ქულით დაასრულა და საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო იყო. შენგელიას 21 ქულა ჰქონდა, ხოლო მათ გარდა, 10-ქულიანი ნიშნული არავის გადაულახავს. 

სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, აინარს ბაგაცკისმა ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და ჩვენი კალათბურთელების მისამართით უხამსი და სამარცხვინო ჟესტი გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები