გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგა ბითაძე: „ჩვენი მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, მაქსიმუმი - ჩემპიონობა"

„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში NBA-ის განვლილ სეზონზე და მომდევნო სანაკრებო მატჩებზე ისაუბრა. ბითაძის თქმით, საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი განწყობაა და ჩვენს გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

„ფიბა-სთან ვისაუბრე და ვფიქრობ, მაყურებლის ისეთი მხარდაჭერა გვაქვს, რომ ყველასთან მოგება შეგვიძლია და მარტო მე არ ვფიქრობ ასე. რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს, ყველამ იცის, რომ სამწამიანში გვექნება დიდი უპირატესობა, მაგრამ ძალიან ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ ეს, რადგან გუნდები ამისთვის მზად იქნებიან. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ილიას ზუროსი ისე დაგვალაგებს და ისე გამოიყენებს ამ უპირატესობას, რომ დაგვეხმარება თამაშის მოგებაში, ბიჭებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან, მონდომებულები არიან და ევრობასკეტამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც ტურნირს ძალიან კარგად შევხვდეთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისეთი ხარისხი გვაქვს გუნდში, რომ ეს ასე იქნება. გუნდში გვყავს ძალიან გამოცდილი ვეტერანები და ძალიან კარგი ახალგაზრდები, რომლებმაც იციან მათი როლი, მეც ვიცი ჩემი როლი ამ გუნდში. ყველანი ძალიან კარგი განწყობით ვართ, გუნდში არის იდეალური სიტუაცია. ასეთ დიდ ტურნირებზე გულში უნდა გედოს, რომ გინდა მოგება, მე ასე ვარ და მაქსიმუმი ყოველთვის ესაა. თუ ვიტყვი, რომ მაქსიმუმი ჯგუფიდან გასვლაა თქვენც მოგატყუებთ, თავსაც მოვიტყუებ და არ იქნება სწორი. მოსაგები გვაქვს პირველი თამაში ბელგიასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პირველი თამაშის მოგება გამოგყვება აუცილებლად შემდეგ თამაშებზე. მოსაგები თამაშები უნდა მოვიგოთ და ჯგუფიდან უნდა გავიდეთ რაც შეიძლება მაღალი ადგილიდან, რადგან ნაკლებად რთული ოპონენტი შეგხვდეს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მინიმუმი ჩვენი ჯგუფიდან გასვლაა, მაქსიმუმი კი ამ ჩემპიონატის მოგებაა.

გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელიაა, რომლის ენერგიაც მარტო თამაშებზე არ მოდის, ის ძალიან კარგი ლიდერია. როცა ევრობასკეტზე ვიყავი, თორნიკე ფორმის პიკში იყო და ყოველ ვარჯიშზე 100 პროცენტით იხარჯებოდა. ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. გიორგი ცინცაძეს ყველამ ვიცით რა შეუძლია, ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან კარგად ვთამაშობთ ერთად, როგორც ვთქვი, ყველამ თავისი როლი იცის, რაც ძალიან რთულია, რადგან შეიძლება გეგონოს, რომ მეტი შეგიძლია, მაგრამ ერთმანეთს ვენდობით, ვენდობით სამწვრთნელო სტაფს და ერთად უკეთესები ვიქნებით.

ინდიანას რაც შეეხება, ყოველთვის მეტი გინდა ადამიანს და რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ხარ, მაგრამ მთელი სეზონი არ მომიწია თამაში, ვიყავი თავშეკავებული, ვივარჯიშე, დაველოდე ჩემს მომენტს და როცა თამაში მომიწია, ვფიქრობ, ნორმალურად ვითამაშე და დავამტკიცე, რომ მეტი შემიძლია და ვიმსახურებ თამაშს. შემდეგი წელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბევრს ელის ჩემგან გუნდი. შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს, ჯერ NBA-ის დრაფტია. შემდეგ სეზონს დაგეგმილი მაქვს, რომ ყველაზე კარგ ფორმაში უნდა შევხვდე. იყო ტრავმები და ბევრი ისეთი რამ, რაც ხელს მიშლიდა, ჯანმრთელად უნდა ვიყო ეს წელი და გავიარო ეს გზა ნაკრებთან ერთად, რაც კლუბურ კარიერაზე მნიშვნელოვანია. მთავარია მქონდეს საშუალება, რომ გამოვავლინო ჩემი თავი, იქნება ეს „ინდიანაში“ თუ სხვა გუნდში“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ გამართავს და ჯგუფში მისი კონკურენტები ესპანეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი და ბელგია არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Bellator-ის მებრძოლი: „მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ“
Bellator-ის მებრძოლი: „მერაბს მაგრად ვცემ და გავანადგურებ“