დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

„მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა!“ - Rugby World-ის სტატია დავით ნინიაშვილზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ მოთამაშე, დავით ნინიაშვილი მსოფლიო რაგბის ჟურნალის, RugbyWorld.com-ის ყურადღების ცენტრში მოექცა.

გამოცემა 19 წლის მორაგბის პროგრესზე წერს, სადაც მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ არის საუბარი.

რა წერია სტატიაში:

დავით ნინიაშვილი ზედმეტად მორცხვია იმ კითხვაზე პასუხის გაცემაში, როდესაც სთხოვენ, რომ აღწეროს მისი, როგორც მორაგბის ძლიერი მხარეები. მაგრამ, ამ კითხვაზე პასუხს „ლიონში“ და საქართველოს ნაკრებში მისი თანაგუნდელი, ბექა საღინაძე: „სისწრაფე, სიძლიერე შეტევაში და მაღალი ბურთებისთვის ბრძოლა“.

თავისი კლუბისთვის და ქვეყნისთვის საბედნიეროდ, ნინიაშვილი არ ერიდება მოედანზე ამ თვისებების გამოვლენას. ჩელენჯ ქაფის ფინალის საგზურის გზაზე ის ორჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ - ჯერ „პერპინიანთან“, შემდეგ კი „გლაზგოსთან“ მეოთხედფინალში, სადაც ორი ლელო დადო. ის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად 2020 წლის ზაფხულში, ირლანდიის ნაკრებთან გამოჩნდა და ამით თავის გუნდს უკანა ხაზში დიდი მუხტი შემატა.

ის გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს, შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე ფულ-ბექად. როდესაც უმაღლესი დონის მორაგბეებს შორის მოხვდა, მას ადაპტაცია არ გასჭირვებია. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში პირველად 17 წლის ასაკში გამოიძახეს, მაგრამ მაშინ, 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი პანდემიის გამო გაუქმდა და მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი არ მიეცა. თუმცა, ლევან მაისაშვილმა ის 2020 წლის ზაფხულში ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა.

რამდენიმე თვის შემდეგ, ის ირლანდიის ნაკრებთან „ავივა სთედიუმზე“ შეცვლაზე გამოჩნდა, მაისაშვილი კი მისით აღფრთოვანებული დარჩა.

„მას პირველად ირლანდიასთან მატჩში ვენდე. ყველაზე მეტად, რასაც მასში ვაფასებდი, იყო ის, რომ შეცდომებმა, რომელიც დაუშვა, მასზე არ იმოქმედა და პირიქით, ყურადღება შემდეგ საქმეზე გაამახვილა. ეს არის ერთ-ერთი თვისება, რომელიც გამოცდილ მოთამაშეებს გამოუცდელებისგან განასხვავებს. არ მახსოვს მისთვის ერთი და იგივე შეცდომაზე ორჯერ მიმეთითებინა“, - ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს Rugby World.

ის ასევე კარგად დამკვიდრდა „ლიონში“. თავდაპირველად ის აკადემიის მოთამაშე უნდა ყოფილიყო, თუმცა მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მან ლიგაზე ათზე მეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ევროთასზე შემადგენლობის რეგულარულ წევრადაც დამკვიდრდა.

მას მნიშვნელოვანი ლელოებიც აქვს გატანილი. მაგალითად „რასინგ 92“-თან, რომელიც 78-ე წუთზე დადო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. „უორიორსთან“ მისი დუბლის შემდეგ კი ბარბაროსებმა ის ინგლისის XV-ის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის აირჩიეს.

 „ტოპ 14 ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო“, - ამბობს ნინიაშვილი, რომელმაც რაგბის თამაში 8 წლის ასაკში, „ხვამლში“ დაიწყო. ცურვა, კალათბურთი და ფეხბურთი იყო მისი სპორტული საქმიანობა ადრეულ ასაკში, თუმცა რაგბიში შეძენილმა მეგობრებმა და ურთიერთობებმა ამ სპორტის სახეობაში დარჩენა გადააწყვეტინა. გასაკვირი არ არის, როდესაც ის ამბობს, რომ საფრანგეთში გადასვლაში საგინაძე დაეხმარა: „ის დამეხმარა „ლიონში“ ადაპტაციის გავლაში. მე ნამდვილად მსიამოვნებს აქ ცხოვრება და თამაში“.

მას აქვს მკაფიო წარმოდგენა, თუ რისი მიღწევა სურს როგორც მოთამაშეს და ამ საკითხზე ყურადღებას ლევან მაისაშვილიც ამახვილებს: „ ყველაფერს აღწევს, რასაც მიზნად დაისახავს. მისი სწრაფი ადაპტაციის უნარი განპირობებულია მისი თამამი ბუნებით - ვინც ვერ ბედავს, შედეგსაც ვერ აღწევს - ასევე შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა.

შრომისმოყვარეობა ნამდვილად მისი ძლიერი მხარეა. თავმდაბალი და თვითკრიტიკულია, ის გამოირჩევა კარგი კომუნიკაციით და აქვს ანალიტიკის კარგი უნარიც. ძლიერია კონტაქტურ ზონაში, არის ფეთქებადი და უყვარს თამაშიც საკუთარ თავზე აღება“.

სწორედ ეს სამუშაო ეთიკა, რაც ნინიაშვილს აქვს და არის საჭირო მწვერვალზე ასასვლელად. ის სპორტის ამ სახეობაში არის დახვეწილი მზარეული და აქვს ყველა ინგრედიენტი, იმისთვის, რომ როგორც ეროვნული, ისე მსოფლიო ვარსკვლავი გახდეს.

 „ოლ ბლექსის“ ყოფილი ნახევარმცველი, ლიმა სოფოაგა, რომელიც „ლიონში“ მისი თანაგუნდელია, ამბობს: „ნამდვილად მსიამოვნებს „ნინის“ თამაშის სტილი. ის ახალგაზრდა, ამბიციური და უდარდელია, როცა საქმე რაგბის ეხება. ის არის ბავშვი, რომელსაც ყოველთვის რაღაცის სწავლა და ამისთვის ყოველთვის 100%-ით იხარჯება. ტოპ 14-ში მას დიდი მომავალი აქვს. არ გამიკვირდება, თუ ის მომდევნო წლებში ერთ-ერთი მთავარი გარემარბი/მცველი გახდება“.

დავით ნინიაშვილი თავის გმირებად მამუკა გორგოძეს და მერაბ კვირიკაშვილს ასახელებს. იმის გათვალისწინებით, რასაც უკვე მიაღწია, დიდი შანსია, რომ ის ქართველი მორაგბეების დიდების დარბაზს შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქარის თასი - შავი ლომი გრიფონსისთან დამატებით დროში დამარცხდა
ქარის თასი - შავი ლომი გრიფონსისთან დამატებით დროში დამარცხდა