აფციაურის დუბლი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
European Minifootball Federation-ის ორგანიზებით სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატზე ე.წ. ''მინი ფეხბურთის'' ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა გიორგი აფციაურის დუბლით მონტენეგრო 2:0 დაამარცხა.
ე.წ. ''მინი ფეხბურთში'' მოედანზე თითოეული გუნდის რიგებში 6 მოთამაშე ასპარეზობს. მიმდინარე ტურნირში 24 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ავსტრიასთან, ბულგარეთთან და მონტენეგროსთან ერთადაა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე:
მირიან მირგატია, ლევან სარდანაშვილი, ოთარ ბერეჩიკიძე, მალხაზ შამილაძე, ილია გადელია, თეიმურაზ ეკიზაშვილი, გიორგი ზუნტუროვი, ნიკოლოზ ფხაკაძე, მიხეილ თევზაძე, ლევან სვანიძე, ლევან კობაიძე, ნიკოლოზ კოპლატაძე, გიორგი აფციაური.
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს ბულგარეთთან 6 ივნისს გამართავს, მატჩი თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. დასკვნით ტურში ავსტრია-საქართველოს დაპირისპირება 7 ივნისს, 13:00 საათზე დაიწყება.
ორგანიზაცია European Minifootball Federation-ი 2010 წელს დაარსდა. მასში ევროპის 34 ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორისაა საქართველო.