1 წლის შემდეგ უფასოდ - ბარსამ სალაჰისა და ლივერპულის მოლაპარაკებები შეაჩერა
„ბარსელონა“ მოჰამედ სალაჰის გაფორმებას უფასოდ გეგმავს და საამისოდ, კატალონიელები ერთი წლით მოცდას აპირებენ. ეგვიპტელი 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
ბრიტანული Mirror-ის ცნობით, „ბარსელონა“ სალაჰს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ 2023 წელს მის უფასოდ დამატებას ფიქრობენ.
წყაროს ცნობით, ამ ყველაფერმა სალაჰის „ლივერპულთან“ არსებული მოლაპარაკებები შეაფერხა. ეგვიპტელი კლუბს ახალ ხელშეკრულებაზე ესაუბრებოდა და მის გარემოცვას აცნობა კიდეც, რომ „მერსისაიდელებთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა, თუმცა სიტუაცია „ბარსას“ გამოჩენის შემდეგ შეიცვალა.
„ბარსელონა“ ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელებზე ნადირობს. ამჟამად სალაჰი 29 წლის არის და 1 წლის შემდეგ, მისი უფასოდ ხელში ჩაგდება კლუბისთვის უაღრესად ხელსაყრელი გარიგება იქნება, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. „ლივერპული“ ასე ადვილად არაფერს დათმობს.