გიორგი ასანიძე, კახი ასანიძე
Aa
Aa

„გულშემატკივარმა ეს უნდა იცოდეს“ - რას წერს ძალოსანთა ნაკრების ექიმი კახი ასანიძეზე

გუშინ, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე კახი ასანიძემ (73 კგ.) საქართველოს დელეგაციას კიდევ 3 მედალი მოუტანა.

ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში 150 კგ-ის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში დასვკნით მისვლაზე 176 კგ-ს წარმატებით შეეჭიდა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ორჭიდის ჯამში კი 326 კგ-ის დაძლევით ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. შესაბამისად, ასანიძის ანგარიშზე 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ კახი ასანიძე ტურნირზე ტრავმის თანხლებით ასპარეზობდა. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში ქართველი ძალოსნის თავდადება მის წარმატებას ორმაგად დასაფასებელს ხდის.

გიორგი ჭინჭარაულის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სათქმელია და უნდა ვთქვა! უნდა იცოდეს გულშემატკივარმა!

პირველ რიგში საქართველოს ვულოცავ კიდევ სამ მედალს.

ალბანეთში წამოსვლამდე 2 კვირით ადრე წონების გავლის დროს, მარცხენა მუხლის ლატერალური მენისკი დაიზიანა.  საუკეთესო ფორმაში იყო, 185 კგ აკრა „ჯოხივით“, ძალოსნურ ენაზე რომ ვთქვა.

პრობლემამ თავი იჩინა და გადავიღეთ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, დიაგნოზი ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

ძნელია არ გატყდე ფსიქოლოგიურად, როცა გტკივა ან იცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გეტკინოს და შენი მთელი შრომა გაყვეს წყალს...

ასანიძე რის ასანიძეა, მამის კვალს გაყოლილმა სახლში დარჩენას და მკურნალობას, წამოსვლა და ბრძოლა არჩია...

მოკლე დროში, მისმა ნებისყოფამ, პატარა ვარჯიშებმა, რამდენიმე ინექციამ, აქამდე მოიყვანა...

გუშინ, გამოსვლამდე, მეც ჩავრთე ჩემი „ფიროსმანული“ ნიჭი და ფერადი მუმია ავაწყე.

გამზადებული გვქონდა მე და ზურა კახაბრიშვილს საანესთეზიო საშუალებები, მაგრამ არ დანებდა ტკივილს და არ გაგვაკეთებინა.

პრინციპში, ატაცის ბოლო მისვლაზე, როცა მთხოვა შემომილაწუნეო, ისეთი ვგლიჯე, ახლაც ვარსკვლავები ცვივა თვალებიდან, ვის ახსოვდა ტკივილი.

იმედები არც მამას გაუცრუა, არც მე და არც მთელ საქართველოს!

ვულოცავ კახი ასანიძეს ამ მედლებს! ვულოცავ გიორგი ასანიძეს, მის მამას და მწვრთნელს.  ასევე ვულოცავ კახის მთელ ოჯახს, აქვე კვლავ აღვნიშნავ, რომ მაისის დასაწყისში კახის ძმამ, საბა ასანიძემ გაგვახარა და 20-წლამდე ძალოსანთა შორის მსოფლიოს პრიზიორი გახდა.

ასანიძეები ძველად მჭედლები ყოფილან.

გიორგი ასანიძემ მედლების გამოჭედვა არჩია და ფაქტებს კი ვხედავთ.

რომ არა ეს ტრავმა, მჯერა, რომ კახი კვარცხლბეკის უმაღლეს წერტილზე იდგებოდა, მაგრამ ამჯერად იყოს ასე...

წინ უფრო დიდი ბრძოლები გველის“, - წერს გიორგი ჭინჭარაული.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 7 სხვადასხვა სინჯის მედალია: 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო - შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო - შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია