მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

დამოკიდებულება, ტრანსფერები და ფერგიუსონის დამხმარე - ტენ ჰაგის სამომავლო გეგმები

ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამარჯვებულის სახელით მიდის. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამსტერდამის „აიაქსს“ ზედიზედ მესამედ მოაგებინა ერედეივიზიონი.

ამსტერდამული გრანდი ჩემპიონი გასულ უქმეებზე გახდა და როგორც ცნობილი გახდა ტენ ჰაგი დიდ ხანს ზეიმს არ აპირებს და მანჩესტერში უახლოეს პერიოდში ჩავა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერიკი „წითელ ეშმაკებს“ „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გაუძღვებოდა, თუმცა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ეს ფაქტი უარყო და განმარტა, რომ ტენ ჰაგი კლუბის გასაცნობად მიდის.

Sky Sports-ის ინფორმაციით, 52 წლის სპეციალისტი საჩემპიონო წვეულებაზე არ წავიდა, რათა, რაც შეიძლება მალე ჩაფრენილიყო ინგლისში. მწვრთნელმა მაქსიმალური ყურადღება მომავალი სეზონის მოსამზადებელ პერიოდზე უნდა გაამახვილოს. ასევე, დასაკომპლექტებელია სამწვრთნელო შტაბი, რომელშიც ერიკმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ამჟამინდელ „მანჩესტერში“ ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი. გუნდი საშინელ ფორმაშია, რაც უკანასკნელ მატჩშიც გამოვლინდა, სადაც „იუნაიტედი“ „ბრაიტონთან“ 0:4 დამარცხდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „წითელი ეშმაკები“ „კრისტალ პალასს“ უპირისპირდებიან. ეს მატჩი გადაწყვეტს, სად გავა „მანჩესტერი“ - ევროპის, თუ კონფერენს ლიგაზე.

ვინ იქნება ტენ ჰაგის დამხმარე?

„აიაქსი" მწვრთნელს უკვე დაემშვიდობა. კლუბმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩამოთვლილია ტენ ჰაგის ყველა მიღწევა 2017 წლიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტის მთავარი დამხმარე მიშელ ვან დერ გაგი იქნება. კლუბი ასევე სტივ მაკლარენის გადაბირებაზე მუშაობს, რომელიც ერთ დროს სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტი იყო.

ტრანსფერები

52 წლის მწვრთნელს ახალ გუნდში, რა თქმა უნდა, ახალი ტრანსფერებიც სურს. პრიორიტეტი ორი ნახევარმცველის, თავდამსხმელის და ცენტრალური მცველის შეძენა იქნება.

„კლუბის ისტორია შთამბეჭდავია, მაგრამ მე ასევე შევისწავლე მისი აწმყო და შევხედე მომავალს. გამოვიკვლიე გუნდის ფინანსური შესაძლებლობები. თუ თქვენ ამ ხალხს კარგად იცნობთ, წინგადადგმული ნაბიჯები პრობლემა არ იქნება.

ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მოგება! ამის გაკეთება კი მხოლოდ კარგი ფეხბურთის თამაშით არის შესაძლებელი.“ - განაცხადა ტენ ჰაგმა

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნიდერლანდელ სპეციალისტს 4 ტრანსფერი სურს. მთავარი პრიორიტეტი ნახევარდაცვის გაძლიერებაა. როგორც ცნობილია, „იუნაიტედი“ ფრენკი დე იონგის ტრანსფერზე მუშაობს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ფეხბურთელი წავა „მანჩესტერ იუნაიტედიდან.“

და ბოლოს - ტენ ჰაგმა ჭორებს წერტილი დაუსვა, რომელიც მისი კრიშტიანუ რონალდუს მიმართ დამოკიდებულებაზე ვრცელდებოდა.

„მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას. რონალდუ ნამდვილი გიგანტია. ის, რაც მან ბოლო წლების განმავლობაში გააკეთა შეუფასებელია. კრიშტიანუ ჯერ კიდევ ძალიან ამბიციურია. რა თქმა უნდა, მისი დარჩენა მსურს. მიმდინარე სეზონში, პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში დიდებულ სტატისტიკას დააფიქსირებს. რონალდუს საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი - დე იონგის ზღაპარი სრულდება.. რა გახდა ამის მიზეზი?
ანალიზი - დე იონგის ზღაპარი სრულდება.. რა გახდა ამის მიზეზი?