ძლიერთა თამაშები - დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი წარმატებულად ასპარეზობს
Aa
Aa

ძლიერთა თამაშები - დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი წარმატებულად ასპარეზობს

ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვა. გუნდის ჯილდოებს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები შეემატა. მჯდომარე ფრენბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა კი გუნდს კიდევ ერთი ჯილდო მოუტანა და ორი ოქროს შემდეგ, 100 მეტრიან დისტანციაზე მორბენალთა შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. ალექსი ბერუაშვილმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა 1500 და 200 მეტრ მანძილზე სირბილში. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმა ლენდროვერ ჩელენჯში. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდროვერის შეჯიბრი. ჰააგაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გულშემატკივრობს.

„ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობს. 16-აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. თავდაცვის სამინისტროს გუნდი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდ როვერის შეჯიბრი. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება გაიარეს წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, თბილისის პარაგანვითარების ცენტრში, უწყების სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში.

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 2014 წელს, ლონდონში, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი), უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, კანადასა და ავსტრალიაში, მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას შოუ საქართველოში - როგორ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა ხვიჩას თამაშს
კვარაცხელიას შოუ საქართველოში - როგორ გამოეხმაურა ნეაპოლური პრესა ხვიჩას თამაშს