ჩემპიონთა ლიგა | რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა | რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული ლიგის ფეხბურთელები

ფეხბურთის გულშემატკივარს ევროპული საღამოები დაუბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში საინტერესო მატჩების მოლოდინში ვართ, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო იქნება, საბოლოოდ, რომელ გუნდებს არ გაასწრებს პარიზის სტად დე ფრანსზე მიმავალი მატარებელი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით CrystalSport-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და ლეგიონერების აზრი მოისმინა. თითოეულ მათგანს ფავორიტსა და ჩემპიონთა ლიგის შესაძლო ფინალისტზე ვკითხეთ.

თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი / საქართველოს ეროვნული ნაკრები)

კარგი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალი და მანჩესტერ სიტი მენახა. მთავარია, ფინალში ბენზემა იყოს, ჩემი სურვილი ესაა.

რეალი - ლივერპულიც ძალიან მაგარი თამაში იქნებოდა. 

დავით ვოლკოვი (ზირა / საქართველოს ეროვნული ნაკრები)

იურგენ კლოპის თამაშის სტილი მომწონს, ამიტომ ლივერპულს ვგულშემატკივრობ. მინდა, ჩემპიონი ლივერპული გახდეს, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე, ინგლისშიც.

გურამ გიორბელიძე ( დრეზდენის დინამო / საქართველოს ეროვნული ნაკრები)

 ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ყველაზე ძლიერი გუნდები ბაიერნი და მანჩესტერ სიტი არიან.

გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი/საქართველოს ეროვნული ნაკრები)

ჩემი ფავორიტი პსჟ იყო, თუმცა ლიგას დაემშვიდობა. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა იურგენ კლოპის ლივერპულმა მოიგოს.

გაგი მარგველაშვილი (შკუპი)

სურვილი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ სიტიმ ითამაშოს. პეპის სტილი მომწონს და მინდა, წელს თავისი სიტყვა თქვას, თუმცა ისიც ყველამ ვიცით, სიმეონე როგორი ტაქტიკოსია, ამიტომ ვფიქრობ, არცერთი გუნდისთვის მარტივი არ იქნება.

ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას ბაიერნი მოიგებს, ვნახოთ. ჩელსი - რეალის წყვილიც საინტერესოა, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და შეიძლება, ფინალის საგზური რომელიმემ მოიპოვოს . ბაიერნი -  სიტის ფინალს ვისურვებდი.

ლუკა სილაგაძე (ვალმიერა)

ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ბაიერნი იქნება. ისეთ ფორმაშია არიან, არ მგონია, ამ გუნდმა ეს შანსი ხელიდან გაუშვას, ფინალში ვერ გავიდეს და თასის აწევა არ ეცადოს. ალბათ, მეორე ფინალისტი  მანჩესტერ სიტი იქნება, გუარდიოლას გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს.

სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი/საქართველოს ეროვნული ნაკრები)

მარტივია, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლივერპული იქნება.

აკაკი შულაია (ტორპედო ქუთაისი)

ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ბარსელონას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ სამწუხაროდ, წელს სხვა გუნდების მატჩების ყურება მიწევს. ფავორიტი არ მყავს, მაგრამ როცა მანჩესტერ სიტის თამაშს ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ გუნდს ტიტულის მოპოვების დიდი შანსი აქვს. გვარდიოლა ფენომენალური მწვრთნელია, ერთ - ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, ფინალი მანჩესტერ სიტი-ბაიერნი უნდა იყოს.

ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა)

ვფიქრობ, წელსაც პრემიერლიგური ფინალი შედგება:  ნახევარფინალში ლივერპული ბაიერნს დაამარცხებს, ხოლო სიტი -  რეალს, უშალოდ ფინალში კი მერსესაიდელების ტრიუმფს ვიხილავთ.

დაჩი ცნობილაძე (საბურთალო)

სეზონიდან გამომდინარე მგონია, რომ ინგლისური ფინალი იქნება: სიტი-ლივერპული. პრემიერლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც ორივე გუნდი საუცხოოდ გამოიყურება. ჯერ-ჯერობით, მათ კონკურენტად ვერცერთ გუნდს განვიხილავ. ვფიქრობ, ფინალის გამარჯვებული სიტი იქნება , მგონი დადგა დრო ამ პროექტმა თასი აწიოს.

იური ტაბატაძე (საბურთალო)

ფავორიტი მყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა.  ჩემი აზრით, ლივერპული - მანჩესტერ სიტი იქნება ფინალი, თუმცა სხვა, კარგი გუნდებიც არიან და პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.

ლევან მჭედლიძე (ტორპედო)

პირველი შეხვედრა სიტიმ მინიმალური სხვაობით მოიგო (1-0) და მოედანზე მეტოქე აშკარად დაჩაგრა, თუმცა სიმეონე მადრიდში ძალიან საშიშია, ამიტომ სენსაციურ პროგნოზზე წავალ და ვიტყვი, რომ შემდეგ ეტაპზე ატლეტიკო გავა. შეიძლება ატლეტიკო ისეთი საშიში აღარ არის, როგორც ეს წლების წინ იყო, თუმცა სიტის მძიმე შეხვედრა ელოდება.  სიტის ფეხბურთი ყველას სიამოვნებს, თუმცა მგონია, რომ ატლეტიკო ,,ბინძური" ფეხბურთით მიზანს მაინც მიაღწევს.

ბენფიკა-ლივერპულის წყვილში თავიდანვე უდავო ფავორიტი ლივერპული იყო. მერსისაიდელები მეტოქეს სახლშიც მარტივად მოუგებენ, რადგან ბენფიკა იდეალურ ფორმაში ნამდვილად არ არის და რომც იყოს, ლივერპული მაინც ლივერპულია.

ვილიარეალი-ბაიერნის წყვილზე ბენფიკა-ლივერპულის იდენტური შეხედულება მაქვს. ბაიერნი მოიგებს სტუმრადაც, იმიტომ, რომ მართლაც გერმანული ,,მანქანაა". როგორც რეალის გულშემატკივარს ბაიერნი არასოდეს მომწონდა, თუმცა , როგორც ფეხბურთელს, შეუძლებელია ეს გუნდი არ მიზიდავდეს: მიდგომები, თამაშის სტილი -  ყველანაირიად დიდი გუნდია.

უნდა ითქვას - ბენფიკასგან განსხვავებით ვილიარეალის პლუსი ისაა, რომ გუნდურ შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს. ასე ვთქვათ, ვილიარეალს ბაიერნისთვის უფრო შეუძლია ,,კბენა", ვიდრე ბენფიკას - ლივერპულისთვის.

ბავშობიდან დღემდე, მთელი ცხოვრების განმავლობაში, რეალ მადრიდის გულშემატკივარი ვარ. ვფიქრობ, რომ ჩელსის გარშემო ის არეულობა რომ არ იყოს, რაც ამ გუნდს თავს მოულოდნელად დაატყდა, რეალისთვის ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. რთული ახლაც არის, რადგან მძიმე სიტუაციით ასეთი გუნდის დაშლა მაინც წარმოუდგენელია. ისიც უნდა ითქვას -  ჩელსის ბოლო ტურებში დაეტყო, რომ არსებულმა სიტუაციამ მასზე გარკვეული კვალი დატოვა. ამიტომ, რეალისკენ ვიხრები, რომელსაც ამ პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე უდიდესი გამოცდილება აქვს. ეს გუნდი იმდენი გამოცდილი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული, რთულ სიტუაციაში მათ სწორედ ეს გამოცდილება ეხმარება. მიმაჩნია, რომ რეალი ჩელსის ბარიერს იმაზე მარტივად გაივლის, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია -  ლონდონში რეალი არა თუ არ წააგებს, შეიძლება, მოიგოს კიდეც.

ბენზემასი ყველას უნდა ეშინოდეს. ამ ფეხბურთელის გულშემატკივარი ვარ, რეალს ფრანგი ძალიან უხდება. პირადად მე, მისი თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.


აქვე შეგახსენებთ, რომ UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ. პეტერბურგის ნაცვლად პარიზში, სტად დე ფრანსზე (ტევადობა:  81,338), 28 მაისს გაიმართება.

რუსეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მასპინძლობა უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო ჩამოერთვა. რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, კიევის დროით 05:00 საათზე, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის, დაბომბვით დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედო რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს 2 წლის განმავლობაში უფასოდ გამოიყენებს
ტორპედო რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს 2 წლის განმავლობაში უფასოდ გამოიყენებს