იუვენტუსი VS რეალი - ფაქტები და სტატისტიკები
შაბათს, 3 ივნისს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 62-ე ფინალი გაიმართება. ამ გათამაშების 2 გზის გამარჯვებული - ტურინის „იუვენტუსი“, რეკორდსმენ და 11 გზის ჩემპიონ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
გუნდები
* "რეალი" და "იუვე" "ჩემპიონთა ლიგაზე" (1993 წლიდან) თავიანთ მე-6 ფინალს ითამაშებენ, რაც რეკორდია. იგივე მაჩვენებელი აქვს "მილანს".
* ეს მეტოქეები "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში მეორედ ხვდებიან - 1998 წელს "რეალმა" მიატოვიჩის ერთადერთი გოლით იმარჯვა.
* ჯამში ამ გუნდებს შორის 18 ურთიერთშეხვედრაა. თანაფარდობაა - 8-8 მოგება-წაგება და 2 ფრე.
* "რეალს" აქვს შანსი, გახდეს პირველი კლუბი, რომელიც "ჩემპიონთა ლიგას" (1993 წლიდან) ზედიზედ ორჯერ მოიგებს.
* "რეალს" ამ ტურნირის ისტორიაში (1955 წლიდან) 499 გოლი აქვს გატანილი.
* "იუვენტუსს" ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი, 6 ფინალი აქვს წაგებული.
* ტურინელებმა "ჩემპიონთა ლიგის" ბოლო 4 ფინალი ზედიზედ წააგეს (1997; 1998; 2003 და 2015).
* "რეალს" "ჩემპიონთა ლიგის" ბოლო 5 ფინალი ზედიზედ აქვს მოგებული.
* "იუვენტუსს" მიმდინარე "ჩემპიონთა ლიგაზე" ყველაზე ცოტა, 3 გოლი აქვს გაშვებული.
* "იუვენტუსს" აქვს შანსი "ჩემპიონთა ლიგა" დაუმარცხებლად მოიგოს. აქამდე ჩატარებული 12 თამაშიდან მან 9 მოიგო, ხოლო 3 ფრედ დაასრულა. ბოლოს "ჩემპიონთა ლიგა" დაუმარცხებლად "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2007-2008 წლებში მოიგო.
* "იუვენტუსს" აქვს შანსი სეზონური "ტრებლი" შეასრულოს, რაც 3 ტურნირის მოგებას გულისხმობს. მან სერია A-ში და იტალიის თასზე უკვე იმარჯვა.
* "რეალი" ევროპულ გუნდებს შორის რეკორდულ საგოლე სერიას აგრძელებს. მას ზედიზედ 64 ოფიციალურ მატჩში აქვს გოლი გატანილი, რაც "ბაიერნის" მაჩვენებელზე 3 ბურთით უკეთესია.
* "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში 106 გოლი შეაგდო, რომელთაგანაც 22 სტანდარტული სიტუაციების შედეგად გავიდა (არ იგულისხმება პენალტიდან გატანილი გოლები).
ფეხბურთელები
* ამ ფორმაციის "იუვენტუსში" ჯანლუიჯი ბუფონი ერთადერთია, ვინც "ბებერ ქალბატონთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგის" მე-3 ფინალს თამაშობს (2003; 2015 და 2017).
* თუკი ბუფონი ითამაშებს და "იუვე" ტიტულს მოიპოვებს, "ჯიჯი" გახდება "ჩემპიონთა ლიგის" ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული, ვინც ფინალში მონაწილეობას მიიღებს.
* ბუფონი, ბონუჩი, ბარძალი, მარკიზიო და ლიხტშტაინერი 2 წლის წინანდელ ფინალში "ბარსელონასთან" ძირითადში იყვნენ. იმ მატჩში ტრავმის გამო ჯორჯო კიელინი არ თამაშობდა, ხოლო სტეფანო სტურარო თადარიგში იყო.
* სამი ხედირამ 2014 წელს "ჩემპიონთა ლიგა" სწორედ "რეალთან" ერთად მოიგო. 2013 წელს მარიო მანჯუკიჩმა იგივე "ბაიერნთან" ერთად გააკეთა. რაც შეეხება დანი ალვეშს, მან ამ ტურნირზე "ბარსელონასთან" ერთად 2009; 2011 და 2015 წლებში იმარჯვა. აქამდე 13 ფეხბურთელია, რომელსაც "ჩემპიონთა ლიგა" ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად აქვს მოგებული, მათგან ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუა.
* მარიო მანჯუკიჩსა და ალვარო მორატას, შესაბამისად, 2013 და 2015 წლების ფინალებში აქვთ გოლი გატანილი. აქამდე მხოლოდ 2 ფეხბურთელია, რომელთაც "ჩემპიონთა ლიგის" ფინალებში ორი სხვადასხვა გუნდის ფორმით აქვთ გოლი გატანილი - ველიბორ ვაშოვიჩი ("პარტიზანი" - 1966 და "აიაქსი" - 1969) და კრიშტიანუ რონალდუ ("მანჩესტერი" - 2008 და "რეალი" - 2014).
* სერხიო რამოსი და კრიშტიანუ რონალდუ შეიძლება გახდნენ პირველი ფეხბურთელები, ვინც "ჩემპიონთა ლიგის" 3 სხვადასხვა ფინალში გაიტანს გოლს. 2 სხვადასხვა ფინალში გოლები რაულ გონსალესს (2000 და 2002), სამუელ ეტოოსა (2006 და 2009) და ლიონელ მესის (2009 და 2011) აქვთ გატანილი.
* გონსალო იგუაინი "რეალის" რიგებში 2007-2013 წლებში თამაშობდა და 264 შეხვედრაში 121 გოლი აქვს აქტივში.
* ალვარო მორატა "იუვენტუსის" შემადგენლობაში 2014-2016 წლებში გამოდიოდა.
* სამი ხედირას "რეალში" 5 სეზონი აქვს გატარებული - 2010-2015 წ. მან მადრიდულ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი (2012) და "ჩემპიონთა ლიგა" (2014) მოიგო.
* მოედნის ცენტრში ერთმანეთის წინააღმდეგ გერმანიის ნაკრების ორი ლიდერი - სამი ხედირა და ტონი კროოსი ითამაშებენ.
* თუკი ითამაშებს, დანი ალვეში "ჩემპიონთა ლიგაზე" თავის მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. ამ ტურნირზე 100-ზე მეტი მატჩი სულ 30 ფეხბურთელს უთამაშია, მათ შორის სერხიო რამოსსა და ჯანლუიჯი ბუფონს.
* გონსალო იგუაინმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 32 გოლი გაიტანა, რითაც "იუვეს" ფორმით ერთ სეზონში გატანილი გოლებით ალესანდრო დელ პიეროსა (1997-1998) და დავიდ ტრეზეგეს (2001-2002) გაუთანაბრდა, ხოლო დღეს მათი გადასწრების ბოლო შანსი ექნება. ამ მხრივ ტურინელთაგან გამორჩეული, ფერენც ჰირზერი (35 გოლი) და ფელის ბორელი (37 გოლი) არიან.
* ხუან მანუელ კვადრადო "იუვემ" "ჩელსისგან" გამოისყიდა და მასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მარიო მანჯუკიჩმა "ბებერ ქალბატონთან" არსებული ხელშეკრულება 2022 წლამდე გაახანგრძლივა.
* გარეტ ბეილს 23 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.
* კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო 9 ოფიციალურ შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო.
* რონალდუს აქვს შანსი, "ჩემპიონთა ლიგა" მეოთხედ მოიგოს და რეკორდსმენ კლარენს ზეედორფს გაუთანაბრდეს.
მწვრთნელები
* მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსი" "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში მეორედ გაიყვანა, თუმცა დღეს პირველი ტიტულის მოგებას ეცდება.
* ზინედინ ზიდანი "იუვენტუსში" 1996-2001 წლებში თამაშობდა. მასთან ერთად ორჯერ სერია A მოიგო, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში კი ორჯერ დამარცხდა, მათ შორის 1998 წელს სწორედ "რეალთან".
* ზიდანს აქვს შანსი, გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც "ჩემპიონთა ლიგას" ერთ კლუბს ზედიზედ ორჯერ მოაგებინებს.
* ზიდანი 2014 წელს კარლო ანჩელოტის ასისტენტი იყო, ასე რომ, სამწვრთნელო ტიტულატურაში 2 "ჩემპიონთა ლიგა" უკვე აქვს - ერთი როგორც ასისტენტს და მეორე როგორც მთავარ მწვრთნელს.
მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ