ბუდუ ზივზივაძე: ,,ამ სადებიუტო გოლით ბავშვობის ოცნება ამიხდა"
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქალაქ ზენიცაში გამართული ამხანაგური შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. (0-1).
გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევრის დებიუტში გაიხსნა - 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრები ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა. 28 წლის ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი გადაცემის შემდეგ გაიტანა.
ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრები)
რთული თამაში იყო. ბოსნია-ჰერცეგოვინა კარგი გუნდია. საკუთარი მაყურებლის წინაშე გამარჯვების მოპოვება სურდათ. ვფიქრობ, დაცვით ფაზაში ჩვენმა გუნდმა კარგად იმუშავა. განსაკუთრებით, მცველებმა და მეკარემ. გოლი არ გავუშვით, რაც ძალიან კარგია. გახარებულები ვართ წლის პირველ შეხვედრაში გამარჯვებით.
სადებიუტო გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, ბავშვობის ოცნება ამიხდა. ორმაგად სასიხარულოა, რომ გუნდმა ჩემი გოლით გაიმარჯვა. თუმცა, ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო და დავეხმარო ნაკრებს, იქნება ეს გოლი, თუ უბრალოდ კარგი თამაში. გოლის ეპიზოდში კვარაცხელიამ ძალიან კარგად ითამაშა, კარგი პასი მომცა და ისღა დამრჩენოდა, რომ გოლი გამეტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს რამდენიმე დღეში, 29 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთის ნაკრებს სტუმრად, ტირანაში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათიდან შედგება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.