სანიოლი: ,,ქართველი ხალხი ბრძოლას მიჩვეულია, ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ფანტასტიკურია"
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქალაქ ზენიცაში გამართული ამხანაგური შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. (0-1).
გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევრის დებიუტში გაიხსნა - 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრები ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა. 28 წლის ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი გადაცემის შემდეგ გაიტანა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
,,მთავარია, რომ გუნდის შენებისას ჩვენს უნარებს, ძლიერ მხარეებს და გუნდურ სულისკვეთებას დავეყრდნოთ. ვიცით, რომ მატჩის განმავლობაში 15-20 საგოლე მომენტი არ გვექნება, ამიტომ ეფექტიანად უნდა ვიმოქმედოთ, რაც ბუდუ ზივზივაძემ ძალიან კარგად გააკეთა. როგორც ვთქვი, სათამაშო სისტემაში სიახლეები იყო. ზურიკო დავითაშვილი, უფრო მეტად ნახევარდაცვაზე იყო კონცენტრირებული და ახალი პოზიციაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ამხანაგური თამაშები სწორედ სიახლეების გამოსაცდელადაა. ვნახეთ მექვაბიშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი წუთები მიიღო და იგივე დონეზე იყო, როგორც სხვა მოთამაშეები. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. გუნდი ახალი სისტემის შენების საინტერესო პროცესშია და ახლა სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ.
ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებისგან სიურპრიზები არ ყოფილა, მათ იგივე სისტემით ითამაშებს, როგორც ბოლო მატჩები. ვფიქრობ, რომ კარგი თამაში იყო. ასეთი შედეგით მივიღეთ, მაგრამ ასევე შეიძლებოდა - 1-1, ან 2-2 ყოფილიყო. ამხანაგურ თამაშებში ახალ სისტემას ვცდით და შემიძლია ვთქვა, რომ ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. მათ კარგი ხასიათი გამოავლინეს. ჩემი მოთამაშეებით ბედნიერი ვარ. შესაძლოა, ზოგჯერ პასი ან დარტყმა არ გამოვიდეს, მაგრამ მათ წარმოუდგენელი ხასიათი და მენტალიტეტი აქვთ. მათთან ერთად მუშაობა ფანტასტიკურია.
ვფიქრობ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. აშკარაა, რომ VAR-ის გარეშე ეს უფრო მეტად რთულია. ბოსნია-ჰერცეგოვინის გოლთან ერთად, მეორე ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დაინიშნა. ზოგჯერ, ასეთი გადაწყვეტილება თამაშის სურათს ცვლის და ეს უნდა მივიღოთ. ეს ამხანაგური მატჩი იყო და ასეთი შეხვედრები მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ - ჩვენთვის ეს ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია. როგორც ვთქვი, შედეგზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვთამაშობთ ბურთით ან მის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ.
საქართველო ძლიერი ქვეყანაა, ქართველი ხალხი ბრძოლას მიჩვეულია და ეს ფეხბურთის თამაშის სტილშიც იგრძნობა. როდესაც მათ გამარჯვების გეგმა აქვთ არ ეშინიათ მატჩის დიდი ნაწილის დაცვაში გატარების. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, მაგალითად, შვედეთთან და ესპანეთთან. გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენტალიტეტი, რადგან შეიძლება, ზოგჯერ მეტოქე შენზე ძლიერი იყოს, მაგრამ სწორი მენტალიტეტით დადებით შედეგს მიაღწიო.
ზედიზედ ოთხი მატჩი მოვიგეთ და ეს შესანიშნავია. ვიმედოვნებთ, ეს სერია ალბანეთთან და ერთა ლიგის მატჩებში გაგრძელდება."
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს რამდენიმე დღეში, 29 მარტს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთის ნაკრებს სტუმრად, ტირანაში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათიდან შედგება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.