რებროვი ტიმოშჩუკზე: "სამშობლოს ოჯახის გამოკვება ურჩევნია"
უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად „ალ-აინის“ მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და ანატოლი ტიმოშჩუკის პოზიციაზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
როგორც მოგეხსენებათ, ტიმოშჩუკი ამ დრომდე დუმს და მის მიმართ უკრაინაში დიდი აგრესიაა. ის ქვეყნის მოღალატედაც შერაცხეს.
„სამწუხაროდ, არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ესმით, რომ ისინი არასოდეს დაბრუნდებიან უკრაინაში და ისინი არავის სჭირდება ევროპაში.
შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს რაიმე პოზიცია აქვს, მაგრამ ხმას არ იღებენ და ჩუმად სხედან. ეს ეხება არა მხოლოდ სპორტსმენებს, არამედ უკრაინაში დაბადებულ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც.
დარწმუნებული ვარ, რომ ტოლია (ტიმოშჩუკი) სადღაც შიგნით ღელავს, მაგრამ მას, ალბათ, სჭირდება ოჯახის გამოკვება - და ეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სამოქალაქო პოზიცია. ეს მისი ცხოვრებაა.
უბრალოდ, ნეიტრალურ პოზიციას ვერ დაიკავებ. ამბობენ, დავჯდები, ორი კვირა, დაველოდები, რომელ მხარეს ექნება უპირატესობა და შემდეგ გამოვთქვამ ჩემს აზრს. არა. ეს არ მოხდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი ადამიანებისგან გაიწმინდება“,
- განაცხადა რებროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.