რეალი VS პსჟ - მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განმეორებითი დაპირისპირებების დროა. მადრიდის „რეალი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საინტერესო და საჭირო დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პარიზში გაიმართა და ფრანგებმა კილიან მბაპეს ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 გაიმარჯვეს.
„რეალი“
მადრიდული გრანდი განმეორებით დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდება. „სამეფო კლუბმა“ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში „რეალ სოსიედასდ“ უმასპინძლა და მარტივად 4:1 დაამარცხა. კარგ ფორმაში შევიდა კარიმ ბენზემა, რომელსაც ტრავმის გამო 1 თვე გაუცდა. ანჩელოტის გუნდი ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს.
დანაკლისი:
ამ მხრივ „რეალს“ სერიოზული პრობლემები აქვს. დისკვალიფიკაციის გამო მადრიდულ გრანდს განმეორებით შეხვედრაში კაზემირო და ფერლან მენდი არ ეყოლება. სხვა მხრივ „ბლანკოსს“ პრობლემები არ აქვს.
რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?
„ასეთ მატჩებში ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მენტალური მდგომარეობაა. გუნდი კარგ ფორმაშია და გულშემატკივრების წინაშე თამაში ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. მე თვითონ ფეხბურთელი ვიყავი და არასდროს მსურს ვინმემ ტრავმა მიიღოს, თუნდაც ის მოწინააღმდეგე გუნდში თამაშობდეს.
არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება მბაპეს გარშემო. ჩვენ ისე მოვემზადებით, რომ მის თამაშს არ გამოვრიცხავთ, თუმცა ტაქტიკას მხოლოდ კილიანზე არ ავაწყობთ. პარიზელებს მესი და ნეიმარიც ჰყავთ. ჩვენი გეგმა 90 წუთი ინტენსიურად თამაშია. ასეთი დონის მატჩში, თუ ფეხბურთელი 100%-ით მზად არ არის ვერ ითამაშებს. მაგალითად, თუ კროოსი 95%-ით იქნება მზად მისი თამაში გამორიცხულია.
ზოგადად არასდროს ვფიქრობ შიშზე. ჩვენ ახლა მხოლოდ საუკეთესო თამაში გვჭირდება. რაც პირველ შეხვედრაში მოხდა აღარ უნდა დავუშვათ. როდესაც ვაგებთ, ვაგებთ, როგორც გუნდი. „რეალი“ ახლა კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ეს ლა ლიგის უკანასკნელ მატჩებშიც გამოჩნდა. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“
პსჟ
პარიზელებს ლიგა 1-ში ყველაფერი განაღდებული აქვთ. პოჩეტინოს გუნდი სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. უკანასკნელ ტურში კი ფეხბურთელებმა აშკარად დაისვენეს და სტუმრად „ნიცასთან“ 0:1 წააგეს.
დანაკლისი:
რამდენიმე დღის წინ კილიან მბაპემ ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა და სპორტულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი „რეალთან“ დაპირისპირებას გამოტოვებდა. ამ საკითხზე ოფიციალური ცნობა არ არსებობს, თუმცა მბაპე მადრიდშია და განაცხადში იმყოფება.
ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო სერხიო რამოსმა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, თუმცა მადრიდში მაინც გაემგზავრა და მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. პსჟ-ს ასევე ერერა და კურჟავა არ ეყოლება.
რა თქვა პოჩეტინომ მატჩის წინ?
„პირველ რიგში პასუხისმგებლობა იმაზე უნდა ავიღოთ, რომ პარიზში გამართული მატჩის შედეგი შევინარჩუნოთ. დიდ პატივს ვცემთ „რეალს“, კლუბს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 13-ჯერ მოიგო. მიუხედავად ამისა, ჩვენ არაფრის გვეშინია. მადრიდშიც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არჩეულ ტაქტიკას არ გადავუხვიოთ. ჩვენი ფეხბურთის თამაში გვინდა. ეს არის ტურნირი, რომლის მოგებასაც „პარი სენ ჟერმენის“ ყველა ფეხბურთელი და გულშემატკივარი იმსახურებს, თუმცა ამისთვის ჯერ მეოთხედფინალში უნდა გავიდეთ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ დაპირისპირება 9 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.