მეისონ გრინვუდი eFootball-ში და PES 2021 Mobile-შიც აღარ იქნება
1-ელ თებერვალს, EA-იმ მეისონ გრინვუდი FIFA 22-დან წაშალა. ინგლისელი ფეხბურთელის საქმეს KONAMI-იც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გრინვუდი eFootball 2021-ში, eFootball 2022-ში და PES 2021 Mobile-შიც აღარ იქნება.
„მეისონ გრინვუდის წინააღმდეგ წაყენებული სერიოზული ბრალდებების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იგი ჩვენი საფეხბურთო სიმულატორებიდან წავშალოთ. KONAMI ნებისმიერი სახის ძალადობას კატეგორიულად გმობს და გამოძიების დასრულებას დაელოდება .“
შეგახსენებთ, რომ გრინვუდი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა ძალადობის ამსახველი ფოტომასალა და აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელებში გაავრცელა. თავდაპირველად, ინგლისელ ფეხბურთელს გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, გუშინ კი ბრალდებებს სექსუალური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარების განხორციელება დაემატა.
როგორც მოგეხსენებათ, გრინვუდი პატიმრობაში აღარ იმყოფება. 20 წლის შემტევი, რომელმაც გისოსებს მიღმა 3 დღე გაატარა, გირაოს სანაცვლოდ, გუშინ დილით გაათავისუფლეს და მის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გეტყვით იმასაც, რომ „მანჩესტერმა“ გრინვუდის მაისური გაყიდვიდან ამოიღო, ხოლო Nike-მა მას კონტრაქტი გაუწყვიტა.