უკვე ორი წელი გავიდა... - ზუსტად ამ დღეს შავმა მამბამ დაგვტოვა
Aa
Aa

უკვე ორი წელი გავიდა... - ზუსტად ამ დღეს შავმა მამბამ დაგვტოვა

2020 წლის 26 იანვარს, კალიფორნიის დროით დაახლოებით 09:06-ზე, ჯონ უეინის აეროპორტი ვერტმფრენმა დატოვა. მის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი საკალათბურთო მატჩზე მიემგზავრებოდნენ. ჩანაწერების მიხედვით, ვერტმფრენს იგივე ფრენა წინა დღესაც შეუსრულებია, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელად პილოტს 30 წუთი დასჭირვებია.

იმის ნაცვლად, რომ მეორე დღესაც პრობლემების გარეშე ჩაევლო, 2020 წლის 26 იანვარი ახლაც ძალიან მძიმედ გვახსენდება. ზუსტად ორი წლის წინ, კობი ბრაიანტი დავკარგეთ. „შავი მამბა“ კალაბასასში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა და მასთან ერთად, ჯონ ალტობელი, კერი ალტობელი, ალისა ალტობელი, პეიტონ ჩესტერი, სარა ჩესტერი, კრისტინა მაუსერი, არა ზობაიანი და ჯიანა ბრაიანტი დაიღუპნენ.

ფრენა

ჯონ უეინის აეროპორტის დატოვების შემდეგ, ვერტმფრენი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გაემართა და ზღვის დონიდან 210-240 მეტრზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ წინა ფრენებისგან განსხვავებით, უამინდობის გამო, რომელიც ძლიერი ნისლით იყო გამოწვეული, პილოტს სხვა მარშრუტის გამოყენება მოუწია. დაახლოებით 09:21-ზე, ზობაიანმა ბერბენკის აეროპორტის დისპეტჩერებისგან ვენტურას საჰაერო გზაზე გადასვლის უფლება მოითხოვა. ბერბენკის დისპეტჩერებმა ამინდიდან გამომდინარე, პილოტს IFR (instrument flight rules - წესები და რეგულაციები, რომლებიც პილოტს ავალდებულებს, ფრენისას ბორტზე არსებული მოწყობილობებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით იხელმძღვანელოს და ფრენა მათი დახმარებით წარმართოს. ძირითადად ამ წესებს მაშინ იყენებენ, როცა ფრენა ღრუბლებში ან ცუდი ამინდისას მიმდინარებს) გამოყენება ურჩიეს.

დაახლოებით 11 წუთის განმავლობაში, ბრაიანტის ვერტმფრენი გლენდეილის თავზე ტრიალებდა და ბურბენკისგან დასტურს ელოდებოდა. ამ დროის განმავლობაში, აეროპორტმა ორი რეისი მიიღო და 09:32-ზე, პილოტს საკუთარ კონტროლირებად ავიასივრცეში შესვლის უფლება მისცა. აუდიო ჩანაწერების მიხედვით, ზობაიანმა SVFR, იგივე special visual flight rules-ით (Visual flight rules-ის სპეციალური კატეგორია, რომელიც უფლებას აძლევს პილოტს იფრინოს უარეს ამინდში, ვიდრე ამის უფლებას Visual flight rules (ამინდი პილოტს საშუალებას აძლევს, დაინახოს ვერტმფრენი საით მიფრინავს) იძლევა. ზოგჯერ, პილოტები ამ უფლების მიღებას შუა ფრენისას ითხოვენ, რაც ამინდის მოულოდნელი გაუარესებითაა განპირობებული და მისი მიღების შემდეგ, დისპეტჩერებთან ახლო კონტაქტი აქვთ) მოითხოვა. SVFR-ის მიხედვით, პილოტმა 760 მეტრზე დაბალი სიმაღლე უნდა შეინარჩუნოს და 09:35-ზე, ზობაიანმა დისპეტჩერებთან საუბრისას დაადასტურა, რომ 430 მეტრ სიმაღლეზე ავიდა.

ვერტმფრენმა ბერბენკის აეროპორტის მიერ კონტროლირებადი საავიაციო სივრციდან ვან ნაისის აეროპორტის მიერ კონტროლირებად სივრცეში გადაინაცვლა და 09:39-ზე, ზობაიანმა დაადასტურა, რომ კვლავინდებურად 460 მეტრზე იყო და მიიღო ცნობა, რომ იმ წუთიდან კავშირი სამხრეთ კალიფორნიის საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრთან ექნებოდა. ამ ცენტრის დისპეტჩერებსა და პილოტს შორის პირველი კონტაქტი 09:40-ზე შედგა და მას ურჩიეს, სიმაღლე გაეზარდა. 09:42-ზე, ვერტმფრენი სან ფერნანდო ველის იმ ნაწილში შევიდა, სადაც სხვებთან შედარებით, ბევრი ბორცვია. დისპეტჩერებმა პილოტს უფრო მაღლა ასვლა სთხოვეს და ვერტმფრენი 36 წამის განმავლობაში დაახლოებით 300 მეტრით მაღლა ავიდა. 09:45:18-ზე კი სწრაფი ვარდნა დაიწყო და 20 მეტრი/წამში სიჩქარით ეცემოდა, რასაც რამდენიმე წამის შემდეგ, ავიაკატასტროფა მოჰყვა.

გამოძიება და გამომძიებელთა დასკვნა

2021 წლის 9 თებერვალს, ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭომ შეხვედრა გამართა და ტრაგედიის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები დაასახელა. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ პილოტი ღრუბლების სქელ ფენაში შეფრინდა, რის გამოც ორიენტაცია და ვერტმფრენის მართვაზე კონტროლი დაკარგა. ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს პრეზიდენტის, რობერტ სამუოლტის მიხედვით, არის შეგრძნება, როცა დაბალი ხილვადობისას პილოტი იმდენად დეზორიენტირებულია, რომ ვერ ხვდება საით მიფრინავს, მაღლა, დაბლა, მარჯვნივ თუ მარცხნივ. ზობაიანმა სიმაღლე და ვერტმფრენის აჩქარება სათანადოდ ვერ აღიქვა. ერთ-ერთი ექსპერტის მიხედვით, უეცარმა აჩქარებამ, რომელიც სწრაფ დაღმასვლას მოჰყვება, შესაძლოა, პილოტში გამოიწვიოს ილუზია და იმის შეგრძნება, რომ ვერტმფრენი მაღლა მიფრინავს, როცა რეალურად მიწისკენ ეშვება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრაგედიაში წვლილი პილოტის მიერ საკუთარ თავზე განხორციელებულმა წნეხმაც შეიტანა, რომ ფრენა აუცილებლად უნდა განეხორციელებინა. ამან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა იქონია და ვითარება დაამძიმა. საინტერესოა, რომ ვერტმფრენი არ იყო აღჭურვილი სისტემით, რომელიც პილოტს გააფრთხილებდა და მიწის ზედაპირთან ნებისმიერი სახის კონტაქტისგან დაიცავდა, მაგრამ გამომძიებელთა მიხედვით, ზობაიანის დეზორიენტაციის გამო, ეს სისტემა ბორტზე რომ ყოფილიყო, უდიდესი ალბათობით, მაინც არაფერი შეიცვლებოდა.

„უდიდესი შეცდომა, რომელსაც ცხოვრებაში ვუშვებთ, იმის ფიქრია, რომ დრო გვაქვს“, - ეს კობი ბრაიანტის სიტყვებია და ზუსტად ორი წლის წინ, ეს ადამიანი დავკარგეთ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ