ლაზიშვილის წარუმატებელი დებიუტი - UFC-ში მე-7 ქართველის გამოსვლა შედგა
Aa
Aa

ლაზიშვილის წარუმატებელი დებიუტი - UFC-ში მე-7 ქართველის გამოსვლა შედგა

UFC-ში 29 წლის ქართველი მებრძოლის, ზვიად ლაზიშვილის დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა. მისი მეტოქე ჯონათან მარტინესი იყო. არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება მექსიკელმა მოიპოვა (30-27, 29-28, 29-28).

ლაზიშვილმა და მარტინესმა სამ 5-წუთიან რაუნდში ბოლომდე იჩხუბეს, ქართველმა ყველა რაუნდი დათმო.

ლაზიშვილი UFC VEGAS 41-ის ოქტაგონზე პირველად გავიდა და მე-7 ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში მონაწილეობა მიიღო.

შეგახსენებთ, UFC-ში სადებიუტო ბრძოლამდე Cageside Press-მა ლაზიშვილს სტატია მიუძღვნა, მის შესაძლებლობებზე დაწერა:

„ლაზიშვილმა ბოლო ორი ბრძოლა LFA-ის ეგიდით გამართა და ჯოშ ჰუბერი და რიკი სტილი დაამარცხა. MMA-ის მიღმა, ლაზიშვილი WKF-ის ეგიდით, კარატეში მსოფლიო ჩემპიონია და საქართველოს გრეპლინგის პირველობა 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოუგია. ლაზიშვილმა ბოლოს სტილთან იჩხუბა, რომელიც სოლიდური მეტოქეა და მისი დამარცხებით LFA-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

მართალია, ლაზიშვილს კარატეში დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ჯერჯერობით ბრძოლები მხოლოდ მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთებით მოუგია. ბოლო ორ ჩხუბში არ გვინახავს კარატეზე ორიენტირებული სტილის მქონე მებრძოლი. პირიქით, იგი სოლიდური მოჭიდავე და უკეთესი გრეპლერია. მისმა თანამემამულემ და UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ ლაზიშვილი მასზე უკეთესი მოჭიდავეა და თუ ეს სიმართლეა, ლაზიშვილი სამომავლოდ რეიტინგის ტოპ 15-ის წევრი იქნება. თუმცა იყო კარგი მოჭიდავე სავარჯიშო კემპისას, არ ნიშნავს, რომ ოქტაგონზეც იმავე დონეზე იასპარეზებ. ლაზიშვილის ჭიდაობა გვინახავს და იგი კარგი მოჭიდავეა, მაგრამ რთულია ვთქვათ, რამდენად კარგია.

მის ბოლო ბრძოლასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. მესამე რაუნდში ის შენელდა და მეტოქის დარტყმებთან გამკლავება უჭირდა. თუმცა თუ ლაზიშვილმა თეიქდაუნი გაიფორმა, ძალიან სახიფათოა.

მარტინესისა და ლაზიშვილის დაპირისპირება სტრაიკერისა და გრეპლერის შეხვედრაა. ქართველ მებრძოლს გამარჯვების კარგი შანსი აქვს, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები