ანალიზი: მუსიე ვილი - არის რაღაცები რასაც ტაბუ უნდა დაედოს
Aa
Aa

ანალიზი: მუსიე ვილი - არის რაღაცები რასაც ტაბუ უნდა დაედოს

ოქტომბრის სანაკრებო პაუზამ, ვილი სანიოლის გუნდის ორმა მატჩმა ბევრი სალაპარაკო და სამსჯელო მოგვცა. ტრადიციულად შევეცდები ანალიზი თქვენთვის მაქსიმალურად მარტივად და დეტალურად გავაკეთო.

სექტემბერში ჩატარებული 3 კატასტროფულად ცუდი მატჩის შემდეგ ანალიზი შეგნებულად არ გამიკეთებია, რადგან სრული სურათის დასანახად და რამდენიმე დეტალის უკეთ აღსაქმელად ოქტომბრის მატჩები მჭირდებოდა. საბოლოოდ, რასაც ველოდი ვნახე და ამჯერად შემიძლია რაღაცებზე პირდაპირ ვისაუბრო.

კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში გუნდი მწვრთნელთან ერთად საშინლად გამოიყურებოდა, რასაც სრულიად დამსახურებული კრიტიკაც მოჰყვა.

შეცდომების გასაანალიზებლად სანიოლს დრო ჰქონდა. რაღაცები გაითვალისწინა, თუმცა ასეთი ნიუანსების რაოდენობა უფრო მცირე იყო, ვიდრე ისინი, რომლებიც ვერ გაითვალისწინა.

ბათუმში საბერძნეთთან მატჩით დავიწყებ და შემდეგ კოსოვოზე გადავალ.

უსისხლოდ თამაში და უსულო გუნდი, რომელიც ყველაფერში დაჩაგრეს

ბათუმურ შეხვედრას წინ უდიდესი ტრაგედია უძღოდა, რამაც ფონი უკიდურესად დაამძიმა, ამ ყველაფერს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაც დაემატა და ნაკრებმა მაყურებელთა გარეშე მორიგი მატჩი ჩაატარა.

ბევრი ადამიანი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, მათ შორის მეც. ზოგადად, ჩვენი საკოორდინაციო საბჭო ყველანაირ შანსს მაქსიმალურად იყენებს, რომ ქომაგები მოედანზე არ შეუშვას. საუბარია ღია სივრცეზე და სანახევროდ შევსებულ ტრიბუნებზე, რაც რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

კონცერტები, პოლიტიკური აქციები და სხვადასხვა ღონისძიებები ნებადართულია, მაგრამ ფეხბურთი რატომღაც ფეხებზე ჰკიდიათ. არც ფედერაციის პოზიციას იზიარებენ, რომელსაც ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების უფრო მწვავედ გაკრიტიკება მართებდა.

მხოლოდ ბათუმურ შეხვედრას არ ეხება ეს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან იმ ავბედით საღამოს ნაკრებს ქომაგების გვერდში დგომა ისე დააკლდა, როგორც არასდროს. ფიფამ და უეფამ მაყურებლების 30% ტრიბუნებზე დიდი ხნის წინ დაუშვა და შანსი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა, მაგრამ ჩვენთან ეს მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრაში ვიხილეთ და ყველამ დავინახეთ, თუ რამდენად დიდი მუხტი მისცა გულშემატკივარმა ბიჭებს.

ვისაც ერთხელ მაინც უთამაშია სავსე მოედნის წინაშე, ის მარტივად გაიგებს რასაც ვგულისხმობ. სულ სხვა მუხტი, მოტივაცია და გარემოა, როდესაც ათასობით ადამიანი მხარს გიჭერს ან ინერტულად თამაშის დროს გისტვენს და სულ სხვაა, როცა ტრიბუნებზე არავინაა.

პანდემიის მხრივ ბევრ ქვეყანაში ჩვენზე უარესი სიტუაცია იყო, თუმცა ქომაგების ნაწილს ტრიბუნებზე მაინც უშვებდნენ, აქ კი ეს ბოლო 2 წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოხდა. ჩემი აზრით, ეს სიფრთხილიდან და რისკებიდან გამომდინარე არ მომხდარა. უბრალოდ ამ ყველაფერს ორგანიზება სჭირდება და თავის ცოტა მეტად შეწუხება, რაც ვფიქრობ, რომ უბრალოდ ეზარებათ და მეტი არაფერი. გაცილებით ადვილია დაკეტო, ჩაკეტო, ვიდრე იმუშაო.

ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და ყველას აქვს უფლება გაიზიაროს ან არ გაიზიაროს.

ეს აუცილებლად უნდა დამეწერა. ახლა უშუალოდ თამაშზე გადავალ.

სანიოლმა ბერძნებთან შემადგენლობა ცუდად დააკომპლექტა და ცვლილებებიც არასწორად გააკეთა.

კაშიას არყოფნა აშკარად იგრძნობოდა. ხოჭოლავამ ცუდად ითამაშა. კაკაბაძეც შეცდა რამდენიმე ეპიზოდში და მეტოქე ხედავდა, რომ ჩვენი მარჯვენა ფლანგი დაუცველი რჩებოდა. აბურჯანია დაზღვევაზე ცუდად მოქმედებდა. სწორედ აქედან გამომდინარე შეცვალა სანიოლმა სქემა კოსოვოსთან მატჩისთვის, რაც საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო. (ამაზე მოგვიანებით)

კაკაბაძემ წინ აიწია, აბურჯანიამ ცუდად დააზღვია და შედეგად დაუცველი სივრცე გაჩნდა, რომლითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა.


აბურჯანიამ ცენტრში ორთაბრძოლების უმრავლესობა წააგო, ეს კი მეტოქეს ბურთის მეტად მოპოვების საშუალებას აძლევდა.

პლუს ამას, არ გვყავდა კიტეიშვილი რომელიც ცენტრში თამაშს ალაგებს და სანიოლმა არ ათამაშა კვეკვესკირი, რომელსაც ამის გაკეთება ასევე კარგად გამოსდის.

„კვეკვეს“ არდაყენება შეცდომა იყო. მის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ვისაუბრებ...

გუნდს მოტივაციის პრობლემა ჰქონდაო თქვა სანიოლმა და ოქრიაშვილი შეაქო, რომლის მოედანზე შეშვებაც ამ მატჩში მისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.

"ოქრიმ" მონდომება დაგვანახა და რამდენიმე კარგი ორთაბრძოლაც მოიგო, ბურთი გაათამაშა.

ანალოგიურად ბოლომდე ბრძოლით და ასევე კარგი ტექნიკით გამოირჩევა წიტაიშვილი, რომელიც რატომღაც ვილიმ არ ათამაშა. ეს მისი კიდევ ერთი მცდარი ნაბიჯი გახლდათ. ბოლო 15-20 წუთით მაინც საბა ლობჟანიძის ნაცვლად „წიტას“ უნდა ეთამაშა. შეტევაში რესურსი ბოლომდე უნდა ამოგვეწურა.

რაც შეეხება ზოგადად გუნდის შეტევებს, აშკარად ჩანდა, რომ მონდომებასთან ერთად ნაკრებს არაფერი ეტყობოდა, რომ ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციების წამოწყებას ცდილობდნენ. მატჩის ყურებისას ზოგადად ასეთი რაღაცები იგრძნობა ხოლმე, მაგრამ ბოლო შეხვედრებში სანიოლის გუნდს ასეთი არაფერი ეტყობა.

„კვარასა“ და „ჩაკვეს“ დუეტიც შეუთამაშებელია და მათ ერთმანეთის უკეთ გასაგებად რამდენიმე მატჩის ჩატარება სჭირდებათ, თუ რა თქმა უნდა ტრადიციულმა ტრავმებმა არ იჩინეს თავი.

ჩვენმა ფეხბურთელებმა ქომაგებს იმედები გაუცრუეს. უსისხლოდ ითამაშეს და ჩვენი მსგავსი ერთგული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი გულშემატკივარი ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს.

შეიძლება წააგო, მაგრამ მოედანზე სისხლი დაღვარო ისე იბრძოლო და ბოლოს ქომაგმა ტაში დაგიკრას, თუმცა ჩვენთან ხომ ქომაგებს სტადიონზე აღარ უშვებენ. ყველაფერს საკოორდინაციო საბჭო წყვეტს და ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია მათ ფეხებზე ჰკიდიათ. რაც ასევე ცალკე პრობლემაა, რომელსაც მოგვარება სჭირდება.

მეტოქეს ჩვენზე თითქმის სამჯერ მეტი სახიფათო შეტევა (24-57-ზე) ჰქონდა, რაც მასპინძლის ფაქტორიდან გამომდინარე და ჩვენი საკმაოდ ოპტიმალური შემადგენლობის ფონზე ძალიან ცუდი შედეგი იყო, რამაც მთლიანად მატჩის სცენარი და შედეგი განაპირობა.

მეორე მატჩი - კოსოვოში ვილიმ რაღაცები სწორად გათვალა

ბათუმში უსისხლოდ წაგებული მატჩის შემდეგ, ნაკრებმა და მწვრთნელმა დიდი კრიტიკა დაიმსახურეს, სრულიად დამსახურებულადაც. დიდად იმედი არ მქონდა, რომ ამ შეხვედრას მოვიგებდით, მაგრამ გუნდის გამოცოცხლებას ნამდვილად ველოდი.

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ტრავმების გამო ჩაკვეტაძე-მიქაუტაძე გამოგვაკლდნენ, დისკვალიფიკაციის შედეგად კანკავამ და აბურჯანიამ ვერ ითამაშეს.

სანიოლს შემადგენლობაში მხოლოდ 2 გამოცდილი ცენტრალური ნახევარმცველი დარჩა - კვეკვესკირი და გვილია. რომლებმაც საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშეს და კოსოვოსთან შეხვედრას მათ სანაკრებო კარიერაში მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ გავიხსენებთ.

არ ვარ დარწმუნებული, რომ სანიოლი "კვეკვეს" ამ შეხვედრაში შანსს მისცემდა, რომ არა საკადრო პრობლემები. რომ არა გაფრთხილებები, ჩვენი ყველაზე კრეატიული ნახევარმცველი ალბათ კვლავ სკამზე დარჩებოდა.

კვეკვესკირის თამაშის გაანალიზებამდე ჯერ დაცვაზე საუბრით დავიწყებ და სანიოლის სწორ გადაწყვეტილებებზე ვისაუბრებ.

მატჩის დაწყებისთანავე შესამჩნევი გახდა, რომ გუნდი თავდაცვის დროს 3 ცენტრალური მცველით თამაშობდა. კაკაბაძე უკან იწევდა და ცენტრისკენ შედიოდა. ფლანგზე მცველად ლობჟანიძე მოქმედებდა და საკმაოდ ნორმალურადაც.

ასეთი იყო შემადგენლობა თავდაცვისას

შეტევაში გადასვლისას სურათი იცვლებოდა. ბურთით ყოფნის დროს ჩვენი ნაკრები 4-4-2 სქემით მოქმედებდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ კაკაბაძე შეტევაში აქტიურად მაინც არ ერთვებოდა.

ლობჟანიძეს დახმარებას წიტაიშვილი უწევდა, რომელმაც საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გაშვებული გოლის მომენტში "წიტამ" პასი აშკარად დააგვიანა და მარტივ სიტუაციაში ბურთი დაკარგა, რაც გუნდისთვის ფატალურად დასრულდა.


მთლიანობაში სანიოლმა წინა შეხვედრაში დაცვაში არსებული ხვრელები კარგად ამოავსო, რაც კაკაბაძის პოზიციის შეცვლამ განაპირობა. მან რამდენიმე მომენტში ბურთი კარგად ამოიტანა და დაზღვევაზეც დამაჯერებელი იყო.

სანიოლის მხრიდან კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი ცვლილებები იყო. გადაღლილი ოქრიაშვილის და უფერული კვარაცხელიას გაყვანა დროული და სწორი გახლდათ. მათ ნაცვლად შესულმა ქვილითაიამ და დავითაშვილმა ალბათ ბოლო დროს ნაკრებში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. დამაჯერებლად გამოიყურებოდა ბათუმური დუეტი აზაროვი-ჩაბრაძე, რომლებიც თამაშში ასევე კარგად ჩაერთნენ.

ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ცვლილებებმა თამაში მოიგო.

ასევე აღსანიშნავია მეტოქის პრესინგის დაძლევის შემდეგ დაჭერილი ბურთი, რასაც რამდენიმე წუთში ჩვენი გოლი მოჰყვა.

ახლა კონკრეტულად ცალკეულ მოთამაშეებზე გადავალ და ტრადიციულად პირდაპირ ვისაუბრებ.

კვეკვესკირი - თემა, რომელიც ტაბუდადებული უნდა იყოს

საქართველოს ნაკრების თამაშში რაც ყველაზე კარგად შესამჩნევია, არის ბოლო პასის არქონა. გადამწყვეტ პასს ჩვენი ფეხბურთელები ვერ აკეთებენ ან თუ აკეთებენ ეს ძალიან იშვიათად ხდება და ძირითადად ამას კვეკვესკირის შესრულებით ვხედავთ.


მგონი ყველა ხედავს, რომ ნახევარდაცვის ცენტრში კვეკვესკირმა უნდა ითამაშოს და არა აბურჯანიამ. „აბუც“ ნიჭიერია და დასამახსოვრებელი მომენტები მასაც ჰქონდა, თუმცა იშვიათად. ძირითადად ფორმაში არ არის ხოლმე და საშუალოდ 5-დან მხოლოდ 1 შეხვედრაში იჩენს თავს.

ნიკას კოსოვოსთან მატჩში საოცრებები არ გაუკეთებია, თუმცა ბურთთან მისი ყოველი შეხება იმ სხვაობას გვანახებდა, რაც ნახევარდაცვაში მასსა და სხვა შუახაზელებს შორის არის. რამდენიმე მარტივი პასი მარტივ სიტუაციაში თამაშს უფრო მარტივს ხდის და სივრცეებს აჩენს. ნიკას ეს ყველაზე უკეთ გამოსდის. კოსოვოს კარში მეორე გოლის დროს, არ ვარ დარწმუნებული, რომ აზაროვს პასს ჩვენი ყველა ნახევარმცველი ისევე ერთი შეხებით და დროულად მისცემდა ან საერთოდ მისცემდა თუ არა.

12 პასი და გოლი კოსოვოს კარში


ბოლო პასზე ზემოთ ვსაუბრობდი, რომელიც ჩვენს გუნდს აკლია. კარგი იქნება, თუ სანიოლი უკან დაიხევს და ნიკას მეტ სათამაშო დროს მისცემს. საერთოდ საუკეთესო მიდგომა იქნება, თუ გუნდში მისი როლი მეტად გაიზრდება.

ერთა ლიგაზე ვაისის ნაკრებში კვეკვესკირი მთლიანად ტურნირზე ზუსტი პასების შესრულების მხრივ საუკეთესო ხუთეულში შევიდა.

რეჯისტა - ანუ უკან დაწეული გამთამაშებელი. "კვეკვე" ამ პოზიციას იდეალურად ერგება და მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს. ცოტა თამამი შედარებაა, მაგრამ უფრო მარტივად გასაგებად პირლოს მაგალითს მოვიყვან. „იუვენტუსში“ ის სწორედ რეჯისტას თამაშობდა. საყრდენის ზონაში მოქმედებდა, თუმცა ართმევაზე თამაში მისი მთავარი მოვალეობა არ იყო. პირლოს გვერდით „მთიბავები“ მოქმედებდნენ. ვიდალი, მარკიზიო, პოგბა - ართმევაზე უფრო მეტ სამუშაოს ისინი ასრულებდნენ და პირლოს კრეატივის გამოსავლენად მეტი დრო და თავისუფლება ჰქონდა.

კარგი იქნება, თუ კვეკვესკირს ნაკრებში ასეთ სცენარში ჩავსვამთ. მეტი გრძელი პასი, მეტი მწვავე პასი და ბურთთან ერთად უფრო მეტად საჯარიმოსთან ახლოს, რა დროსაც ბოლო პასის გაკეთების ალბათობა გაიზრდება.

ეს ყველაფერი მოსაზრებაა, ვარაუდია, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს და ისიც ფაქტია, რომ პასის კულტურა ჩვენს ნაკრებში ყველაზე უკეთ ნიკას აქვს განვითარებული.

კიტეიშვილთან ერთად „კვეკვეს“ შემადგენლობაში ხილვა კარგი იქნებოდა. „კიტეს“ ართმევაზე და შეტევაში მოქმედება თანაბრად კარგად გამოსდის, თუმცა ტრავმები ამ რესურსის სრულად გამოყენების საშუალებას მწვრთნელს არ აძლევს.

ხვიჩას პრობლემები - მოტივაციის ნაკლებობა და ცუდი სათამაშო ფორმა

„ვფიქრობ, მასზე აისახა ის, რომ წასვლა სურდა და ეს არ გამოვიდა. ფაქტია, მისთვის ეს სეზონი უფრო რთული გამოდის“,

- ამბობს რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ექს-ფორვარდი რუსლან პიმენოვი.

"კვარას" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ მოტივაციის ნაკლებობა ეტყობა. კლუბში ცუდი მატჩების შედეგად, არაპროდუქტიული ხვიჩა ნაკრებშიც ვიხილეთ, რამაც სანიოლის გუნდის შეტევაში პრობლემები გააჩინა.

კვარაცხელია თავის თავს არ ჰგავს. ბურთს ხშირად კარგავს, დრიბლინგისას ზედმეტად ინდომებს და პასს არ აკეთებს. ბოლო შეხვედრებში ძალიან არადამაჯერებელი იყო და მწვრთნელმა დროულად, სამართლიანად შეცვალა.

იმედი დავიტოვოთ, რომ კვარა ფსიქოლოგიურ პრობლემებს მალე დაძლევს და ძველებურად ათამაშდება.

მიქაუტაძის ვერგამოყენება - სანიოლის მინუსი

მიქაუტაძის მსგავსი ფორვარდი როცა გყავს, რომელსაც ახლად დაწყებულ სეზონში უკვე 2 ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული და მას ვერ იყენებ, პასს ვერ აძლევ, აქ მწვრთნელის ბრალეულობა იკვეთება.

ჩვენს ნაკრებში მიქაუტაძე იმ მცირერიცხოვანთა კატეგორიაში შედის, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს და კარგ ფორმაშიც არის, მაგრამ ნაკრებში მას ვერ ვიყენებთ.

მიქაუტაძის ვერგამოყენება პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ გუნდი გააზრებულად ვერ უტევს. არ არის გამოკვეთილი სტილი, რომლითაც უნდა ვითამაშოთ. შეტევა რომლის ბოლოსაც ფორვარდი დასარტყმელ პოზიციაზე დარჩება.

ბოლო წლებში იმაზე ვწუწუნებდით, რომ გამტანი ფორვარდი არ გვყავდა, ახლა გვყავს, მაგრამ გააზრებულად შეტევა გვიჭირს.

ხოჭოლავა ვაკო და სხვები - ხალხი მოტივაციის გარეშე

სანიოლმა პრესკონფერენციებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ის ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ითხოვს. მათგან ბოლომდე დახარჯვას ელის და ასევე - ყველა მოთამაშეს არ აქვს გააზრებული, თუ რა არის ნაკრები და როგორ უნდა მიუდგეს სანაკრებო შეხვედრებს.

ოქტომბრის მატჩებისთვის ვილიმ ყაზაიშვილი აღარ გამოიძახა. წინა ორ მატჩში ვაკოს თამაშში მონდომება საერთოდ არ იგრძნობოდა და მეეჭვება მწვრთნელმა ის უახლოეს შეხვედრებში კიდევ გამოიყენოს.

ასევე სამწუხაროა ხოჭოლავას დამოკიდებულებაც. „კოპენჰაგენში“ მისი თამაშის ყურებისას ოპტიმისტურ განწყობაზე ვდგები, რადგან ველი, რომ სანაკრებო პაუზისას მისი შესრულებით იგივე პერფორმანსს ვიხილავ, თუმცა ასე არ ხდება.

კვერკველიას ფორმიდან ამოვარდნის შემდეგ, დაცვაში კაშიასთან ერთად ტანდემში სწორედ ხოჭოლავა მოიაზრებოდა. მისი ასაკიდან და სათამაშო კლასიდან გამომდინარე ლოგიკურად ასეც უნდა იყოს, თუმცა მისგან ჯერჯერობით ეროვნულ ნაკრებში ის თავდადება, ჟინი და ენთუზიაზმი არ გვინახავს.

იმედს ვიტოვებ, რომ ადრე თუ გვიან ხოჭოლავაც ისევე დამაჯერებლად და მოტივირებულად ითამაშებს, როგორც ამას კაშია აკეთებს, რომლის გარეშეც დღეს ჩვენი გუნდის დაცვა ვერ წარმომიდგენია.

ბერძნებთან შეხვედრის შემდეგ, გუნდისთვის ყველაზე კარგი რამ რაც მოხდა დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ კაშიას დაბრუნება იყო.

ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ნაკრების ფორმის მორგება, ჰიმნის მოსმენა და შემდეგ თამაში მოვალეობის მოხდა არ არის - ეს ვალდებულება და პატივია! წლებია ქომაგი უამრავ იმედგაცრუებას ითმენს, მაგრამ ტრიბუნებს მაინც ავსებენ, გუნდს ბოლომდე გვერდში უდგანან და იმედს ისევ და ისევ აცოცხლებენ, რადგან ეს ჩვენი გუნდია და ახლა ასეთი მდგომარეობაა, უკეთესის სურვილი გვაქვს, მოთმინებითა და ოპტიმიზმით ხელახლა ვივსებით. არ ვაპირებთ ეროვნების შეცვლას და სხვისი გუნდის ქომაგობას - ჩვენი გვტკივა, ჩვენი გვიხარია და ჩვენი გვაინტერესებს. ამიტომ ყველამ უნდა გაიაზროს ეს რეალობა და პასუხისმგებლობა.

დასკვნა - პრობლემა საერთოა, ბრალი თანაბრად ნაწილდება, გამოსავალიც ყველამ ერთად უნდა მოძებნოს

თემურ ქეცბაიას ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი და ახლაც ვთვლი, რომ სანაკრებო დონეზე ცუდი მწვრთნელია (განსაკუთრებით ჩვენი ნაკრებისთვის), თუმცა ბევრ რამეს სწორად ამბობდა.

სად წავიდა ის გუნდი, რომელმაც შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან პირველი სამი ტური ითამაშა? რომელია სანიოლის გუნდი, ის, თუ ამჟამინდელი?

მეტი ტრავმირებული მოთამაშე დაგვიბრუნდა, თუმცა უფრო ცუდად ვითამაშეთ. თითქოს მწვრთნელსაც კონტინგენტი უკეთ უნდა გაეცნო და მეტად გამართული მექანიზმი გვეხილა, მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა.

აშკარაა, რომ სანიოლსა და ბიჭებს შორის კარგი ურთიერთობაა, ნათელი, პირდაპირი, მეგობრული. შიდა სამზარეულოში ჯანსაღი გარემოა, თუმცა არის მომენტები, როცა ფეხბურთელებს მკაცრი მიდგომები და მკაცრი ხელი სჭირდება. ტონის აწევა, გამოფხიზლება და ენთუზიაზმის ამაღლება.

ჩვენებს „ევროპული ენა“ ცუდად ესმით. არის მომენტები, როცა გამოსაფხიზლებლად ქართულად დალაპარაკებაა საჭირო.

რაც ბოლო მატჩებში ვიხილეთ, ეს არ არის ნორმალური, სწორი... შეიძლება წააგო, არ გამოგივიდეს, მაგრამ არ დანებდე, გაბრაზდე, იჩხუბო, გაფრთხილება მიიღო, მაყურებელს დაანახო, რომ შენთვის არსებული სიტუაცია მიუღებელია და ბოლომდე ეცადე, დაიხარჯე, რომ რაღაც შეგეცვალა - ასეთ დროს მაყურებელი ტაშს დაგიკრავს და შენს დამოკიდებულებას დააფასებს.

ბოლო მატჩებში ასეთი რამ მხოლოდ კოსოვოში დავინახეთ და მიუხედავად სათამაშო ასპექტებში ხარვეზებისა, გუნდმა იბრძოლა, მონდომება ეტყობოდათ, მოგების სურვილი ჩანდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ილუზიების შექმნა არ ღირს, უადგილოა. ძალიან ბევრი აქვს ჩვენს მწვრთნელს სამუშაო. რაღაცები სწორად უნდა შეაფასოს, ვიღაცებს მეტად უნდა ენდოს და პირადი შეხედულებები გვერდით გადადოს. ბიჭებთან საუბრისას უფრო მეტი სიმკაცრის გამოჩენა დასჭირდება. იმან უნდა ითამაშოს, ვისაც სისხლი უდუღს და არა იმან, ვინც მოვალეობას იხდის. ტაქტიკურად მეტი კრეატივია საჭირო. „კვარას ბურთი გადაუგდე“ აღარ იმუშავებს, გუნდი უნდა ვიყოთ და არა გათითოკაცებული ინდივიდუალისტთა კრებული.

და ბოლოს - არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ დავწერ, რომ ჩვენს ყველა ასაკობრივ ნაკრებს, მათ შორის ეროვნულსაც ფსიქოლოგი სჭირდება. ამ მხრივ სამუშაო გვაქვს და ოდესმე, თუ რომელიმე ფედერაცია ამას გააკეთებს, თავიანთ ყველა წინამორბედზე მაღლა დადგებიან.

ფოტომასალა - GFF

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები