მამუკელაშვილის 20 წუთი და მორიგი კარგი მატჩი - მილუოკის ლიდერები დაუბრუნდნენ
Aa
Aa

მამუკელაშვილის 20 წუთი და მორიგი კარგი მატჩი - მილუოკის ლიდერები დაუბრუნდნენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა, „მილუოკი ბაქსმა“ მე-3 წინასასეზონო შეხვედრა გამართა და „ოკლაჰომა სითი თანდერს“ დაუპირისპირდა. „ბაქსს“ იანის ანტეტოკოუნმპო, ჯრუ ჰოლიდეი და კრის მიდლტონი დაუბრუნდნენ და ვისკონსინელებმა მარტივად - 130-110 იმარჯვეს.

„ოკლაჰომასთან“ მატჩში თავის გამოჩენის საშუალება სანდრო მამუკელაშვილსაც მიეცა. ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 20 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. „მამუ“ პროდუქტიული იყო და 7 ქულა, 2 მოხსნა (ერთი მეტოქის ფარზე) და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ „მილუოკის“ რიგებში ყველაზე მეტი, 15 ქულა ჯორდან ნვორას ჰქონდა. მიდლტონი და ბრაიანტი 14-14 ქულით გამოირჩნენ. იანის ანტეტოკოუნმპოს ანგარიშზე კი 8 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.

NBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე „მილუოკი“ კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. 14 ოქტომბერს, „ბაქსი“ „იუტა ჯაზს“ გაეჯიბრება, 16-ში კი „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები