სკანდალი მკლავჭიდში - საქართველოს ეროვნული ფედერაცია დისკვალიფიცირებულია
Aa
Aa

სკანდალი მკლავჭიდში - საქართველოს ეროვნული ფედერაცია დისკვალიფიცირებულია

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მიიღო და ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის ან მისი წევრების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ რადიკალური ზომები კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო გატარდა.

„მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან ტურნირებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი) ან მისი წევრების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.

ამასთან, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ ფინანსური ჯარიმა უნდა გადაიხადოს, რათა დისკვალიფიკაცია გაუქმდეს.

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის აღმასრულებელმა საბჭომ ეს რთული გადაწყვეტილება ქართული მხარის მიერ კონტრაქტის დარღვევის გამო მიიღო. საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ ვერ შეძლო მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატების ორგანიზება. შეცდომაში შეიყვანა მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელობა და მისი წევრები, რამაც ორგანიზაციასა და მის წევრ გუნდებს სერიოზული ფინანსური და საიმიჯო ზიანი მიაყენა.

დისკვალიფიკაციის პერიოდში ქართველი სპორტსმენები მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატებში დარეგისტრირებას ვერ მოახერხებენ“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბათუმს უნდა ემასპინძლა და გათამაშებები 17-27 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ქართულმა მხარემ ვალდებულებები ვერ შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატი რუმინეთში გაიმართება.

ცხელი ამბები