ოთხი მედალი ევროპის ჩემპიონატზე - პარამკლავჭიდელების წარმატება
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული პარამკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედროებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სამმა სპორტსმენმა საერთო ჯამში ოთხი მედლის, ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მოპოვება შეძლო.
საუკეთესო შედეგი კაპრალ-სპეციალისტმა თემურ დადიანმა აჩვენა, რომელიც მარცხენა ხელით გადაწევაში - ჩემპიონი, მარჯვენა ხელით გადაწევაში კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. კაპრალ-სპეციალისტმა მორის საბაშვილმა მარცხენა ხელით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კიდევ ერთი კაპრალ-სპეციალისტი ალეკო გითოლენდია კი მარჯვენა ხელით მკლავჭიდელთა შეჯიბრებაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ცნობისათვის, კონტინენტის რიგით 28-ე პირველობის მონაწილე დაჭრილი სამხედროები სპორტში ვარჯიშის პარალელურად, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის სიმულაციის სასწავლო ჯგუფში მსახურობენ.