ზედიზედ მეორე მარცხი - მამარდაშვილის უიღბლო მატჩი სევილიასთან
Aa
Aa

ზედიზედ მეორე მარცხი - მამარდაშვილის უიღბლო მატჩი სევილიასთან

ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში სევილიამ ვალენსიას უმასპინძლა, შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და სევილიას გამარჯვებით, ანგარიშით - 3-1 დასრულდა.

გულშემატკივარმა ძირითად შემადგენლობაში კვლავ ქართველი მეკარე იხილა.

გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, სტატისტიკის კუთხით, გიორგის ანგარიშზე 3 სეივი იყო.

რეალთან, მატჩის ბოლოს განცდილი მარცხის შემდეგ, ესპანური მედია წერდა, რომ გიორგის  „ღამურების“ რიგებში ნიდერლანდელი იასპერ სილენსენი შეცვლიდა, თუმცა ვარაუდი არ გამართლდა. სასიამოვნო აღმოჩნდა ვალენსიას მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილება, თუმცა არასასიამოვნო იყო მატჩის სცენარი - შეხვედრაში ანგარიში ძალიან სწრაფად, მე-3 წუთზე გაიხსნა - მამარდაშვილს ჯერ პაპუ გომესმა გაუტანა (1-0), მე-15 წუთზე ბურთი საკუთარ კარში ტონი ლატომ ჩაჭრა (2-0), ხოლო 22-ე წუთზე მამარდაშვილის კარი  რაფა მირიმ აიღო (3-0).

პირველ ნახევარში ერთი ბურთის გაქვითვა ვალენსიამ  უგო დუროს გოლით, 31-ე წუთზე შეძლო (3-1). მეორე ტაიმში კი აღარაფერი მომხდარა.

აღნიშნული მატჩი მძიმე გამოდგა გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელიც ვალენსიასთან ერთად ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა. მოგეხსენებათ, გასულ ტურში ვალენსია რეალის წინააღმდეგ შეხვედრას 86-ე წუთამდე იგებდა, თუმცა მატჩის ბოლო წუთებმა ყველაფერი შეცვალა (1-2).

6 ტურის შემდეგ ვალენსიას 10 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს (3 გამარჯვება, 1 ფრე, 2 მარცხი).

ვალენსია მომდევნო შეხვედრას რამდენიმე დღეში, ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მესტალიაზე, 25 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 18:15 საათიდან დაიწყება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები