ბურჯანაძის ბრწყინვალე დებიუტი: 12 წუთში 17 ქულა ჩააგდო
Aa
Aa

ბურჯანაძის ბრწყინვალე დებიუტი: 12 წუთში 17 ქულა ჩააგდო

27 წლის ქართველი მსუბუქი ფორვარდი ბექა ბურჯანაძე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა. ''გრან კანარიას'' ექს-მოთამაშემ ''ბეტისის'' შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ''მორაბანკ ანდორასთან'' ჩაატარა. მისი თამაში პროდუქტიული იყო, სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, თუმცა 17 ქულა ჩააგდო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ბურჯანაძემ პარკეტზე 12 წუთი გაატარა. 17 ქულის გარდა მის ანგარიშზე 3 მოხსნაა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა +20 შეადგინა.

საინტერესოა, რომ ბექა ბურჯანაძე სადებიუტო შეხვედრაზე საფეხბურთო კლუბ ''ბეტისის'' ლეგენდარული ფეხბურთელის, ხოაკინის მაისურით მივიდა და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა. ეს ფაქტი არაერთმა ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა.

Sevilla.abc.es-ი აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბურჯანაძე ''ბეტისის'' ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალწვეულია. აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძე 2011-14 წლებში ''ბეტისის'' პრინციპული მეტოქის, ''სევილიას'' შემადგენლობაში ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ სევილიური კლუბის ამჟამინდელი თავკაცი ხოან პლასა ქართველ კალათბურთელს კარგად იცნობს და მის კარიერას თვალს აქტიურად ადევნებდა. 

ბურჯანაძეს სხვადასხვა დროს „მორაბანკ ანდორაში“, „გიპუსკოაში“ და „გრან კანარიაში უთამაშია. ბოლოს იგი „გრან კანარიას“ ღირსებას იცავდა და კლუბთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები