ბარსელონა 0:3 ბაიერნი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ბარსელონა 0:3 ბაიერნი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. კატალონიის „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. ანგარიში 34-ე წუთზე ტომას მიულერმა გახსნა. მატჩი ძირითადად გერმანელთა კარნახით მიმდინარეობდა.

მეორე ტაიმში ნაგელსმანის ბიჭებმა ზეწოლა გააძლიერეს და 56-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. „ბარსელონა“ მომენტების შექმნას ცდილობდა, თუმცა რეალურ სახიფათო ეპიზოდთან ახლოსაც არ ყოფილა. 85-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

საინტერესო ფაქტები

„ბარსელონამ“ „ბაიერნს“ 90 წუთის განმავლობაში ზუსტად კარში ვერ დაურტყა. ეს კი ანტი-რეკორდია. ასეთი რამ „ბლაუგრანას“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არასდროს დამართნია.

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე საშინაო შეხვედრა წააგო. ესეც ანტი-რეკორდია. „ბლაუგრანა“ გასულ სეზონში ჯერ „იუვენტუსთან“ 0:3 დამარცხდა, ხოლო შემდეგ „პარი სენ ჟერმენთან“ 1:4.

ტომას მიულერმა კარიერაში „ბარსელონას“ მეშვიდე გოლი გაუტანა. ამდენი გოლი კატალონიური გრანდისთვის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არავის გაუტანია. მიულერმა ეს ყველაფერი 6 შეხვედრაში მოახერხა.

2019 წლის შემდეგ, ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 112 გოლი გაიტანა. ამდენი გოლი სხვა არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. მეტიც, მეორე ადგილს კილიან მბაპე და კრიშტიანუ რონალდუ უკავებენ 76 გოლით.

რა თქვა ნაგელსმანმა მატჩის შემდეგ?

„მე ვთქვი, რომ ბარსა მესის გარეშე არც უკეთესი იქნებოდა და არც უარესი. მათ არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავთ. თავს შესანიშნავად ვიცავდით. პირველი წუთების შემდეგ გარკვეული ასპექტები შევცვალეთ და ამის შემდეგ გაცილებით ბევრი მომენტი გვქონდა, ვიდრე საწყის ეტაპზე.

ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გამარჯვებული გუნდი ვართ. არსებობს თამაშები, რომლებიც მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება. მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. თამაშის შემდეგ, ყველაფერი გავაანალიზე და ვთვლი, რომ გაცილებით მეტი შეგვეძლო.“

რა თქვა კუმანმა მატჩის შემდეგ?

„ეს არის ის, რაც გვაქვს, თუმცა უნდა დაველოდოთ დროის გასვლას. ჩვენ დაგვემატებიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ფატი, აგუერო და დემბელე არიან. მხოლოდ სამი შემტევი მყავდა. ტაქტიკური თვალსაზრისით რიგ ეპიზოდებში უკმაყოფილო არ დავრჩი. „ბაიერნი“ ცენტრში თამაშობს და ვფიქრობ, სივრცეები უნდა შეგვეზღუდა.

არ შემიძლია ფეხბურთელების დამოკიდებულებაზე რაიმე პრეტენზია გამოვთქვა, მაგრამ განსხვავება არის ხარისხში. აქ ფეხბურთელები დიდ ხანია ერთად თამაშობენ.. ჩვენ გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა კარგი ფეხბურთელი, რომლებიც 2-3 წლის შემდეგ გაცილებით უკეთ ითამაშებენ. რთულია ამ შედეგის მიღება, მაგრამ უნდა მოვიცადოთ და სიტუაციის გაუმჯობესებას დაველოდოთ. იმედი მაქვს ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაბრუნდებიან.

ყველამ კარგად ვიცით, რომ სერხი რობერტო გარემარბი არ არის. მას ალფონსო დეივისის წინააღმდეგ უწევდა თამაში და ვფიქრობ ამ კონკრეტულ ასპექტში წარმატებულად თამაში შეუძლებელი იყო. ალფონსო საოცრად სწრაფი ფეხბურთელია. ვცდილობდით მოწინააღმდეგის თამაშის შეჩერებას, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი გაუარესდა. ფიზიკურ მომზადებაში დიდი სხვაობაა.

ყველამ იცის, რომ შეტევაში ხალხი გვაკლდა. არ მინდა თავი ვიმართლო, თუმცა ყველამ იცოდა რა იყო შესაძლებელი. ძალიან რთულია „ბაიერნს“ სწრაფი შემტევების გარეშე ეთამაშო. ისეთ გუნდს, როგორიც „ბაიერნია“, მაქსიმალური სიზუსტით უნდა ეთამაშო. სხვა შემთხვევაში დამარცხდები.“

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები