Aa
Aa

"შეგვიძლია ახალი ისტორია დავწეროთ" - ინძაგი რეალთან მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ჩემპიონთა ლიგა უბრუნდება. გულშემატკივრებს პირველივე ტურში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ელოდებათ. „ინტერი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა ინძაგიმ?

„რაც „ინტერს“ ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე დაემართა მხოლოდ წარსულია. ჩვენ შეგვიძლია ახალი ისტორია დავწეროთ. რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ წინ წასვლა გვსურს. მე ვფიქრობ, რომ გამოცდილება დიდ როლს ითამაშებს. წილისყრის შემდეგ ვიცოდით, რომ ჯგუფში მარტივად არაფერი მოხდებოდა.

„სამპდორიასთან“ მატჩი დავივიწყეთ და „რეალთან“ შეხვედრისთვის მაქსიმალურად კარგად ვემზადებით. ეს იქნება ძალიან რთული შეხვედრა. მათ უდიდესი ისტორია, საოცარი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ.

ევროპულ სარბიელზე კარლო ანჩელოტის ჩემზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ხვალინდელ შეხვედრაში მაქსიმუმს გავაკეთებ. ჩვენ ისე ვითამაშებთ, თითქოს კბილებს შორის დანა გვაქვს გაჩხერილი. ვიმედოვნებ, საუკეთესო დღე გვექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, გულშემატკივრების წინაშე თამაში ძალიან სასიამოვნოა.

„რეალთან“ სრულყოფილი თამაში გვჭირდება. „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2011 წლის შემდეგ აღარ გასულა. ჩვენ მკაფიოდ გადავწყვიტეთ, რომ ეს ცუდი სტატისტიკა უნდა შეიცვალოს.“

ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირება

აღსანიშნავია, რომ „ინტერი“ და „რეალი“ გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად მოხვდნენ. „ბლანკოსმა“ ორივე შეხვედრა მოიგო და საბოლოოდ „ნერაძური“ ჯგუფში ჩარჩა. პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა და ზიდანის გუნდმა 3:2 იმარჯვა. მეორე კი იტალიაში. ამჯერად „სამეფო კლუბმა“ 2:0 მოიგო.

ცნობისთვის, „ინტერისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 15 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები