„სუსტები ვართ, საქმეს ცუდად ვაკეთებთ
Aa
Aa

„სუსტები ვართ, საქმეს ცუდად ვაკეთებთ" - ჭიაბრიშვილი ქართულ ფეხბურთზე

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი იყო, რომელმაც სექტემბრის სანაკრებო თამაშებსა და ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა.

 

ძალიან არეული შემადგენლობა იყო და სანაკრებო პაუზას ძალიან შესუსტებულები შევხვდით. როგორც ოფიციალურ, ისე ამხანაგურ შეხვედრაში ბევრი ექსპერიმენტი ვიხილეთ და მოტივაციის პრობლემაც იყო, რომელიც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მოდით, ასე ვთქვათ - სანიოლის ბრალი უფროა ფეხბურთელებს მოტივაცია რომ აკლდათ თუ ჩემი, ჩემი კოლეგების, ფედერაციის ან კლუბების? სანიოლი რამდენიმე თვეა, რაც საქმეს შეუდგა და ჩვენ წლებია აქ ვმუშაობთ. ფეხბურთელები თუ ისე იზრდებიან, რომ ნაკრებში სათამაშოდ მოტივაცია სჭირდებათ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია. უფრო კონკრეტულად ყველაფერი მიდგომის ბრალია.

 

ფეხბურთელებს უნდათ და არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც მაქსიმალურად დახარჯვა და თამაში არ სურს. ხშირად გამიგია, რომ ბოლო-ბოლო რაგბის პრინციპი გამოიყენონ და კბილები ანახონ, მაგრამ ფეხბურთში ეს ურთულესია, რადგან ძალის გარდა, ბევრი სხვა რამეა. მე მაინც მგონია, რომ პრობლემები ცოტა ღრმაა. ჩემი აზრით, პატრიოტებად გაზრდა ოჯახებიდან უნდა დაიწყოს, შემდეგ ეს ყველაფერი სკოლაში უნდა გრძელდებოდეს და საუბარი მარტო ფეხბურთს არ ეხება. თუ სახლში დროშა არ გვაქვს, თუ ჰიმნზე ფეხზე არ ვდგებით, თუ შვილებს ეს სულისკვეთება არ გადავეცით და ასე არ იზრდებიან, ძალიან რთულია, ეს ყველაფერი ეროვნულ ნაკრებში იპოვო. ეს სულისკვეთება ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ფედერაციამ და სანიოლმა იციან, თავიანთი პასუხისმგებლობა რა არის, მაგრამ რამდენად მართებულია მათკენ ხელის გაშვერა?

წლებია ქართულ ფეხბურთში ვარ, ვთამაშობდი, მერე მწვრთნელობა დავიწყე და როგორ შეიძლება სანიოლი უფრო დამნაშავე იყოს, ვიდრე მე? ამიტომ, ყველამ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და როდესაც ურემი გადატრიალდება გზის დანახვა ყველას შეუძლია. მანამდეა ეს საჭირო და ჩვენ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ სუსტები ვართ. ჩვენ ინგრედიენტად გვაქვს ლობიო და გვინდა, საცივი მოვამზადოთ – არ გამოდის! ან ვაცადოთ ადამიანებს და ვიფიქროთ, ან მოვილაპარაკოთ, რომ მოდი, ეს გავაკეთოთ და იქნებ ოდესმე ნიგოზი ვიპოვოთ, რათა მერე საცივი გავაკეთოთ. თუ სულ ლობიოთი ვიქნებით, ვერასდროს საცივს ვერ გავაკეთებთ.

ფეხბურთელებს ჩვენ ვზრდით და არ უნდათ ან არ გვინდა, რომ უფრო ძლიერები იყვნენ? რა პირობებშიც ვზრდით, როგორც ვზრდით, ისეთ შედეგს ვიღებთ და ათობით წელია ასეა. მე რომ ვიყო ნაკრების მწვრთნელი, ვერაფერს შევცვლიდი. შესაძლოა, სხვა განწყობა ყოფილიყო, რადგან მიმაჩნია, რომ ქართველს უფრო შეუძლია, ნაკრების ფეხბურთელამდე რაღაცები უკეთ მიიტანოს, მაგრამ ეს ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში არ იზრდება. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება და გაოგნებული თვალებით, რომ ლაპარაკობს სანიოლი რამდენი შეცდომა დავუშვითო, ეს არის აღზრდის მომენტი და ეს არის ჩვენი დანაშაული, რომ ფეხბურთელი ასე იზრდება.

ფაქტია, რომ საქმეს ცუდად ვაკეთებთ, რადგან შედეგი ეროვნულ ნაკრებში ჩანს. ხალხი უყურებს და მწვრთნელსა და ფედერაციაზე ბრაზდება. კიდევ ერთხელ ვიძახი. დამნაშავეები არიან მწვრთნელიც, ფედერაციაც, კლუბებიც, მეც და ჩემი კოლეგებიც. მარტო ფეხბურთელებს კი არ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. რომელიმე სფერო მითხარით, სადაც ყველა ბოლომდე იხარჯება და ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე, ხალხზე და იმაზე, რომ მისი ცუდად გაკეთებული საქმე საერთო საქმეზე აისახება? ექიმი თუ თავის საქმეს ცუდად აკეთებს, ბევრი ადამიანი გარდაიცვლება. ვერ ვაკეთებთ ჩვენ კარგად საქმეს და ყველაფერი ამის შედეგია.

მინდა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ყველაფრის შემხედველი გული უსკდებათ და აგრესია უჩნდებათ, ვუთხრა, რომ სუსტები ვართ. გადავხედოთ ეროვნულ ჩემპიონატს, რა დონეა, ჩვენი ფეხბურთელები ტოპ-5 ჩემპიონატში არ თამაშობენ, ერთი მამარდაშვილი გვყავს, ფანტასტიკური ბიჭი. მადლობა, ღმერთს ძალიან ნიჭიერი ერი ვართ და გამოჩნდებიან კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, ჯამარაულის და სხვების მსგავსი ტალანტები, მაგრამ ვერ იზრდებიან, რადგან არ გვაქვს მაღალი დონის ჩემპიონატი და საკუთარ თავშიც პრობლემა გვაქვს. როგორ შეიძლება პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და შენი მოცემულობაა, რომ 90 წუთი ირბინო, ითამაშო და როგორ შეიძლება ეს ვერ შეასრულო? ამაში ფულს იღებ, ფულს შევეშვათ, მთელი ქვეყანა გიყურებს და როგორ შეიძლება, ეს ამოცანა ვერ შეასრულო? არადა, სანიოლი მერამდენე მწვრთნელია, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთელები 90 წუთს ვერ თამაშობენ? შეიძლება კლასი არ გქონდეს და ვიღაცამ ესპანეთივით ბურთი არ განახოს, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ 90 წუთი სირბილი და ბრძოლა შევძლოთ. შეიძლება, ვერ მოვიგოთ, მაგრამ ეს მინიმალური უნდა შევასრულოთ. შეიძლება, 4-0 წააგო, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ იბრძოლე და 90 წუთი გადაადგილდებოდი. შესაძლოა, მეტოქეს ჰყავს მესი და შენ არ გყავს ასეთი შემსრულებელი და აგებ, მაგრამ ბრძოლა უნდა აჩვენო.

 

არ შეიძლება, 21-წლამდელი ბავშვები ეროვნულ ნაკრებში თამაშობდნენ. ბოლო-ბოლო, კაცური ჯანი უნდა მოუვიდეთ, რომ ბოლომდე იბრძოლონ. საიდან არის ამდენი ტრავმიანობა? ინფრასტრუქტურიდან, ჩვენ არ გვაქვს სპორტული მედიცინა, ისეთი სფეროები არ გვაქვს, რაც ფეხბურთს სჭირდება და ამის შედეგები აკიდეს მწვრთნელებს და ფედერაციას. ეს ცოტა არაა. თუ ფეხბურთელი თავიდანვე სწორად არ იკვებება და არ ვარჯიშობს, მერე ნახევარფაბრიკატს ვიღებთ. სანიოლი შემოვიდა ამ ბრძოლაში, სპორტული ჟინი აქვს, რომ ეს გუნდი უკეთესი გახადოს, მაგრამ მან რაც არ უნდა გააკეთოს, შეიძლება, პატარა ბრძოლები მოვიგოთ, მაგრამ ომს ვერ მოვიგებთ და მიზანს ვერ მივაღწევთ. ჩვენი ახლანდელი რესურსით ეს ძალიან რთულია. ყველა ვთანხმდებით, რომ პროგრამა გვინდა, ფეხბურთელები როგორ გავზარდოთ. ფეხბურთისთვის რაღაც თანხებია გამოყოფილი და ვიძახით, ამხელა ფულს რატომ ვხარჯავთო. ეს ხუთწლიანი პროგრამაა და ამ ხუთ წელიწადში იხარჯება 60 მილიონ ევრომდე – ინფრასტრუქტურაზე, მწვრთნელთა გაზრდაზე, კლუბებზე, კაცთა და ქალთა ფეხბურთზე, ფუტსალზე, მასობრიობაზე. დღეს ევროპაში ამხელა თანხას ზოგიერთ ისეთ ფეხბურთელს უხდიან, რომელსაც არც იყენებენ. დღევანდელი ფეხბურთი განვითარდა და ქუჩის ფეხბურთი აღარ არის. ეს უზარმაზარი ინდუსტრიაა, საჭიროა ბევრი მაღალი დონის აკადემია, ამ ყველაფერზე კი უზარმაზარი თანხები იხარჯება, რაც ჩვენ არ გვაქვს. ფინანსების გარეშე კი საქმის კეთება და განვითარება გამორიცხულია. ამიტომ მიმაჩნია, 10 ლარის ტყუილად ხარჯვას, 100 ლარის დახარჯვა და შედეგის მიღება ჯობს. მთავარია, ნაკრებისთვის ახალი თაობები გაზარდოთ. ჩვენ ისეთი ძლიერები არ ვართ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. მე პირადად აქცენტს ახალგაზრდულ ნაკრებზე გავაკეთებდი, რომელშიც ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა. ამ გამოძახებაზე, ნაკრების სამწვრთნელო სტაფმა ძალიან ცუდად იმუშავა, ფედერაციის ცუდი ნამუშევარიც ჩანს, კლუბებსა და ბავშვთა ფეხბურთშიც ბევრს ვცოდავთ. არ მგონია, შვილი რომ რაღაცას ვერ აკეთებს, აგინო და რამე უკეთ გააკეთოს. იმიტომ ვამბობ, კი ნუ აგინებ, მიდით და ურჩიეთ, თუ რამე იცით. ვინც არ უნდა დავნიშნოთ სანიოლის ნაცვლად, მაინც იგივე შედეგი გვექნება, რადგან არც ფეხბურთელების რაოდენობა გვყავს და არც ხარისხი გვაქვს. სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა“.

 

ფოტო: საქართველოს პირველი არხი

მომზადებულია 1tv.ge-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები