მოროზი წიტაიშვილზე: ''ექიმების გადაწყვეტილება კატეგორიული იყო''
უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში ოდესის ''ჩერნომორეცი'' შინ დონეცკის ''შახტართან'' 0:3 დამარცხდა. მასპინძლები მე-13 წუთზე რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩდნენ, ამ ფაქტორმა სტუმრებს გამარჯვების მოპოვება გაუადვილა.
''ჩერნომორეცის'' სასტარტოში ბექა ვაჩიბერაძე მოხვდა, რომელიც 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი წიტაიშვილს ძველი ტრავმის რეციდივის გამო არ უთამაშია.
მატჩის შემდეგ ''ჩერნომორეცის'' მთავარმა მწვრთნელმა იური მოროზმა წიტაიშვილის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.
''მას ძველი ტრავმის რეციდივი აქვს. დღეს დილით მასთან დაკავშირებით ექიმების პასუხს ველოდებოდით და მივიღეთ კატეგორიული პასუხი - არა. ტრავმის რეციდივის გამო წიტაიშვილს თამაშში მონაწილეობა არ უნდა მიეღო''.
გასულ სეზონში ''ვორსკლაში'' ასპარეზობისას წიტაიშვილმა ''მარიუპოლთან'' შეხვედრაში ტერფის მეხუთე ძვალი მოიტეხა და მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა. ძველ ტრავმაში სწორედ ამ დაზიანებას გულისხმობდა ''ჩერნომორეცის'' მთავარი მწვრთნელი.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კიევის ''დინამოდან'' ოდესურ კლუბში იჯარით გადასული წიტაიშვილის დებიუტი მე-4 ტურში შედგა. ქართველმა ტალანტმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მატჩის შემდეგ მოროზმა მოთამაშე შეაქო. ოდესურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ერთადერთი შეხვედრა სწორედ მე-4 ტურში ''მარიუპოლთან'' მოიგო.
''რაც შეეხება გიორგის, მას გაცილებით მეტი შეუძლია. ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა. ის მთხოვდა სათამაშო დროს და შანსი მიიღო. მისი დღევანდელი დრიბლინგი და ცრუ მოძრაობები ბრწყინვალე იყო. დარწმუნებული ვარ, ფორმას სწრაფად დაიბრუნებს და მომავალში გაცილებით უკეთ იასპარეზებს''.