„იმედი მაქვს არ ვითამაშებ თორემ“... - ედ შირანი იფსვიჩის განაცხადში მოხვდა
Aa
Aa

„იმედი მაქვს არ ვითამაშებ თორემ“... - ედ შირანი იფსვიჩის განაცხადში მოხვდა

ცნობილი მომღერალი, ედ შირანი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე „იფსვიჩის“ 2021-22 წლების სეზონის განაცხადში მოხვდა. 30 წლის მომღერალს 17-ნომრიანი მაისური გადასცეს და შესაძლოა, მოედანზეც ვიხილოთ, თუმცა თვითონ შირანს თამაშის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.

„ეს სრული სიგიჟეა, არა?! როცა იფსვიჩის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მეგონა ხუმრობდნენ, თუმცა სიმართლე გითხრათ, იდეა ძალიან მომწონს.

ვფიქრობ, წინ შესანიშნავი სეზონი გველოდება და ჩემთვის დიდი პატივია, მისი ნაწილი რომ ვარ. იმედი მაქვს, ნომრის გადმოცემა მხოლოდ ცერემონიალურ ხასიათს ატარებს, რადგან მინდა, რომ ჩემპიონშიპის საგზური მოვიპოვოთ და მე თუ ვითამაშე, ეს ნამდვილად არ მოხდება“, - განაცხადა შირანმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი მომღერალი „იფსვიჩის“ თავგადაკლული ქომაგი და კლუბის ერთ-ერთი სპონსორი გახლავთ. 2021-22 წლების სეზონში შირანი ქალთა და კაცთა გუნდების მაისურების სპონსორი იქნება. ხელშეკრულებას ვადა 2021-22 წლების სეზონის ბოლოს ეწურება და „იფსვიჩის“ მაისურზე შირანის ალბომების სახელებსა და სიტყვა „ტურს“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები